თბილისის საკრებულო საკვები პროდუქტებით კიდევ 500 ოჯახს დაეხმარება

სამშენებლო კომპანია „დომუსი“ თბილისის საკრებულოს მიერ დაწყებულ კამპანიაში ჩაერთო, რომლის ფარგლებშიც საკრებულოს უმრავლესობის წევრები სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან (ოთხი და მეტი შვილი) ოჯახებს ეხმარებიან.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, კომპანია „დომუსმა“ დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოს 500 ოჯახისთვის განკუთვნილი ნობათი გადასცა. საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი წევრები თავიანთ სამაჟორიტარო ოლქებში დაარიგებენ.

დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ კომპანია „დომუსს” გამოჩენილი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ კამპანია, რომელიც საკრებულომ კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდში დაიწყო, კერძო სექტორის დახმარებით აქტიურად მიმდინარეობს.

დღესვე დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოს კომპანია Geosafty-მ საჩუქრად სადეზინფექციო საშუალებები გადასცა.

რაც შეეხება მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების კამპანიას – თბილისის საკრებულომ სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) ოჯახების დახმარება 29 მარტს დაიწყო და დღეის მონაცემებით, დახმარება ორი ათასზე მეტ ოჯახს გაეწია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები