10 ივნისს ლომისობის დღესასწაული აღინიშნება
ლომისობა მოძრავი დღესასწაულია.
„ლომისობა“ დუშეთში ყოველ წელს, აღდგომიდან მე-7 კვირას, აღინიშნება. საქართველოში „ლომისას“ რამდენიმე სალოცავი არსებობს, რომელთაგან ყველაზე მთავარი და უძველესი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზე, ისტორიულ მთიულეთში მდებარე ეკლესიაა.
ამ დღესასწაულს მთაში განსაკუთრებით აღნიშნავენ.
ამ დღეს მლეთაში მლოცველები იკრიბებიან. ტრადიციის თანახმად, „დეკანოზები” (იგივე ხევისბერები) გამოასვენებენ დროშას და „ფერხისას“, სიმღერით აიტანენ მთაზე, სადაც იმართება დღეობა შესაწირავით.
ლომისობა, ლეგენდის მიხედვით, ლომისა გზოვანის წმიდა გიორგია, რომელსაც ხორასნიდან 7 ათასი ტყვე დაუხსნია და ხარის რქებზე დაბრძანებული დამკვიდრებულა მლეთის მთაზე. მას ევედრებოდნენ შვილიერებას, თვალის სინათლეს, მიწისა და საქონლის ნაყოფიერებას.
ტაძარში ინახება საყელურიანი დიდი რკინის ჯაჭვი. ვისაც აღთქმა აქვს დადებული, ან რაიმეს თხოვნა სურს წმიდანისთვის, ამ ჯაჭვს კისერზე დაიდებს და ტაძარს სამგზის შემოუვლის ლოცვით.
მლოცველებს სწამთ, რომ ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გამორჩეული ძალის მქონეა. ისინი სალოცავს შინაურ ცხოველს, უმეტესად, ცხვარს სწირავენ.
სახელწოდება, ტრადიციის თანახმად, ლომახარს უკავშირებენ. ვარაუდით, თავდაპირველად ლომისა მთვარის საკულტო ტაძარი ყოფილა.
ლომისა იყო მთიულეთისა და ქსნის ხეობის მოსახლეობის უპირველესი სალოცავი. აქვე წყდებოდა ბევრი ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო საკითხი.
ბოლო წლებში, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ქვედა მლეთაში აღდგა წირვა-ლოცვა. უკვე რამდენიმე წელია ტარდება ღვთისმსახურება.
„ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მცხეთა-მთიანეთის მხარე ამ დრომდე მწვანე ზონის სტატუსით სარგებლობს, რაც სამომავლოდ როგორც შიდა ასევე საერთაშორისო ტურისტების მისაღებად მნიშვნელოვანი ფაქტორია. მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ზრუნავს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, შესაბამისად, რეგიონმა სამომავლოდ ეს სტატუსი რომ შეინარჩუნოს, მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ როგორც ტაძრის ეზოში, ასევე საველე პირობებში სადღესასწაულო სუფრების გაშლისგან“, – აღნიშნულია მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.