დავით ზალკალიანმა ლიეტუველ კოლეგასთან ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის დინამიკა და სამომავლო პრიორიტეტები განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩიუსს შორის, ლიეტუვას მხარის ინიციატივით, სატელეფონო საუბარი გაიმართა.

საუბრის მთავარი თემა იყო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის არსებული დინამიკა და სამომავლო პრიორიტეტები, რაზეც 11 ივნისს გაიმართება ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ტელე-ვიდეო კონფერენციის ფორმატში.

როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საუბრისას ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიულ მნიშვნელობასა და პარტნიორობის ამბიციური მიზნების დასახვასა და განხორციელებაში ერთობლივ ძალისხმევას. ამ კონტექსტში, დავით ზალკალიანმა დეტალურად გააცნო კოლეგას ქართული მხარის პრიორიტეტები.

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის აქტიურ და კოორდინებულ პოლიტიკას კოვიდ-19 ის წინააღმდეგ ბრძოლაში. პანდემიასთან წარმატებულად გამკლავების ფონზე, საუბარი შეეხო საქართველოს მიერ საერთაშორისო ტურისტებისთვის 1-ელ ივლისიდან საზღვრის გახსნის გადაწყვეტილებას დააღინიშნა ლიეტუვას მხარის მზადყოფნა, საქართველოსთან, როგორც უსაფრთხო ტურიზმის დანიშნულების ქვეყანასთან, აქტიურად ითანამშრომლოს ამ მიმართულებით.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობის შესახებ. ამ კონტექსტში ლინას ლინკევიჩიუსმა დადებითად შეაფასა საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმება დააღნიშნა საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა.დავით ზალკალიანმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ლიეტუველ კოლეგას აღნიშნული მიმართულებით და დაუდასტურა, რომ არჩევნები კვლავაც დემოკრატიული სტანდარტების მაღალი დაცვით გაიმართება.

მხარეები შეთანხმდნენ განხილული თემების შემდგომ კოორდინაციაზე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები