„ლიდერფუდის” საქმე მთლიანად ბიზნესსამართლის წარმოებისთვის იქცევა გამოუსწორებელ საფრთხედ – დავით ზეიკიძე ბიზნესომბუდსმენს მიმართავს
ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ლიდერფუდის” დამფუძნებელმა დავით ზეიკიძემ საქართველოს ბიზნესომბუდსმენს მიხეილ დაუშვილს წერილით მიმართა. ზეიკიძე ბიზნესომბუდსმენს სთხოვს, შეისწავლოს „ლიდერფუდის” გარშემო მიმდინარე დავა და გასცეს საკუთარი რეკომენდაციები.
„კიდევ ერთხელ გეუბნებით და გაფრთხილებთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩემი პირადი საქმე – ეს არის საქმე, რომელსაც თუ დროულად არ მიეხედა, მთლიანად ბიზნეს-სამართლის წარმოებისთვის იქცევა გამოუსწორებელ საფრთხედ”, – აღნიშნავს დავით ზეიკიძე წერილის დასასრულს.
ბიზნესობუდსმენისადმი მის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:
„ბატონო მიხეილ, ვფიქრობდი, რომ თქვენი თანამშრომლები თავად შემეხმიანებოდნენ და საქმის კურსში დეტალურად ჩადგებოდნენ, თუ რა ხდება ხორცპროდუქტების მწარმოებელ ყველაზე მსხვილ კომპანიაში, რატომ გამოვდივარ საჯაროდ და რატომ ვუჩივი საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქოჩიაშვილს (უკვე დააწინაურეს) და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მაკარიძეს და რატომ ვითხოვ უზენაესი სასამართლოსგან ხმამაღლა იმას, რაც მას ისედაც ევალება, – სამართლიანობას!..
ვფქირობდი, რომ თქვენი სამსახური პირველი გამომეხმაურებოდა, მაგრამ შევცდი. როგორც ჩანს, ვერ მოიცალეთ. არაუშავს. თავად გაწუხებთ და დაჟინებით გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ამ წერილს.
ბატონო მიხეილ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პირადად თქვენ, ჩემს საქმეს, რომელიც უზენაეს სასამართლომდე ისე მივიდა, რომ არსებითად არც განხილულა, განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მიადევნოთ თვალი, რადგან, აშკარად და მაღალი ხარისხით იკვეთება უსამართლობა და შესაძლო კორუფციის ნიშნები.
საქმეს დამოუკიდებელი საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში ანალოგი არ ეძებნება, რამდენადაც მინიმუმ 15 მილიონი დოლარის ღირებულების დავა, როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ ისე გადაწყდა ჩემს საწინააღმდეგოდ, რომ საქმის არსებითი განხილვა, როგორც გითხარით, არ შემდგარა.
საქმე ეხება ბიზნეს-დავას. საწარმოს 50% წილს მედავება ირაკლი დუმბაძე (რომელსაც დღემდე ჩემი სიძე ქვია). მის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი პაატა სალია იცავს. ამ საქმის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა ქონება ისე ჩამომართვეს, რომ არც სარჩელი ჩამაბარეს და არც თავის დაცვის საშუალება მომცეს. ყველაფერი ემყარება იმას, რომ თითქოს მე შეპასუხება არ შევიტანე დუმბაძის მიერ სასამართლოში შეტანილ სარჩელზე, რის გამოც სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ქონება ჩამომართვა.
საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც სარჩელის ჩემთვის ჩაბარებას დაადასტურებდა. ამის საწინააღმდეგოდ კი არსებობს ვიდეო და დოკუმენტური მასალები, ასევე, მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც სარჩელის ჩაბარებას გამორიცხავენ. ორივე ინსტანციის სასამართლო მათ უბრალოდ იგნორირებას უკეთებს.
ბატონო მიხეილ, სამწუხაროდ, სასამართლო მოქმედებს ხელის გადაგრეხვის პრინციპით და ვარაუდზე დაყრდნობით (რომლის არც საფუძველი არსებობს), თითქოს მოპასუხეს მოსარჩელე მხარის მიერ გაგზავნილი სარჩელი ჩაბარდა და მან განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ წარადგინა, საქმეს დახურულად და მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტილად აცხადებს. ორივე ინსტანციის სასამართლომ უბრალოდ, ადგა და გააყალბა ფაქტები და ეს სიყალბე გამოაცხადა გადაწყვეტილების საფუძვლად.
ჩვენ უნდა შევხვდეთ და თქვენ უნდა გაეცნოთ მტკიცებულებებს და დაინახავთ თანმიმდევრულად აღწერილ დეტალებს, რაც ნათელს ხდის ფაქტს, რომ სარჩელი არ ჩამბარებია, შესაბამისად, შესაგებელის წარდგენის ვადასაც ვერ დავარღვევდი.
ბატონო მიხეილ, ვინ ვინ და თქვენ, ვალდებული ხართ, ამ საქმეს შეხედოთ და განიხილოთ, როგორც არა ერთი რიგითი ბანალური ბიზნეს-დავა, არამედ, როგორც პრეცენდენტული შემთხვევა, რადგან საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში ჯერ არ მომხდარა ფაქტი, როდესაც პირს ესოდენ მაღალი ღირებულების ქონება საქმის განუხილველად ჩამოერთვა და ეს მაშინ, როდესაც საქმე გაჯერებულია მრავალი მტკიცებულებით, რომლებიც სარჩელის ჩაუბარებლობას ადასტურებს.
ორი ინსტანციის სასამართლომ საკუთრების ბედი გადაწყვიტა არასწორი, უსამართლო, ხელის გადაგრეხვის პრინციპით. ეს მაზიანებს არა მარტო მე, არამედ მთლიანად მართლმსაჯულების სისტემას საქართველოში, აზიანებს ბიზნეს-გარემოს და აღრმავებს იმ ნიჰილიზმს, რაც სამწუხაროდ, სასამართლო სისტემის მიმართ არსებობს. სწორედ ასეთი მოსამართლეების მიერ გამოტანილი ამგვარი უსამართლო გადაწყვეტილებებია, რაც თქვენს ხელისუფლებას, რომლის მხარდამჭერიც იმთავითვე დაწყებული, ვიდრე დღემდე, მეც ვარ, ულახავს რეპუტაციას და აკარგვინებს ამომრჩეველს.
ბატონო მიხეილ, ახლა უკვე მესამე ინსტანციამ, ანუ უზენაესმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს ვერდიქტი – გამოუტანოს ბიზნესს უიმედობის და დაუცველობის განაჩენი, თუ გაუჩინოს განცდა, რომ ბიზნესის საუკეთესო ინტერესები საქართველოში ყოველთვის მართლმსაჯულების უმაღლესი სტანდარტის დაცვითაა გარანტირებული. გაითვალისწინეთ – ხაზგასმით აღვნიშნავ – მე არ ვითხოვ გამართლებას. მე ვითხოვ მხოლოდ იმას, რომ სასამართლომ საქმე განიხილოს და გადაწყვეტილება ისე მიიღოს.
ერთსაც გაგახსენებთ, ბატონო მიხეილ – დღეს ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარი დიპლომატები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ „ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით პროგრესი მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს დემოკრატიული, ასევე ეკონომიკური განვითარებისთვის”. ეს სიტყვა-სიტყვით გახლავთ ციტატა სულ რამდენიმე დღის წინ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, ქალბატონი კელი დეგნანის გამოსვლიდან.
თქვენ ხართ ხიდი, გამტარი ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის. ამიტომ მოგმართავთ, ჩატყდება ეგ ხიდი, თუ საკითხებს სასამართლო სამართლიანად არ გადაწყვეტს. სახეზეა მრავალმილიონიანი ბიზნეს დავის სასამართლო განხილვის გარეშე გადაწყვეტის მცდელობის საკითხი. უკვე ორი ინსტანცია „გრიალით” გაიარა. ეს ყველაფერი, მე, სამწუხაროდ, მიტოვებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ეს საქმე კორუფციის ნიშნებს შეიცავს. ამ ეჭვს იზიარებს ჩემი ინტერესების დამცველი ადვოკატი, არც მეტი არც ნაკლები, თქვენივე ხელისუფლების ყოფილი გენერალური პროკურორი, არჩილ კბილაშვილი და ის ამ ეჭვს საჯაროდ და ხმამაღლა გამოთქვამს.
ნუ იტყვით, რომ ეს საკითხი სასამართლოს პრეროგატივაა და თქვენს კომპეტენციას სცდება, ნურც იმას მირჩევთ, რომ თუკი დანაშაულის ნიშნებს ვხედავ, პროკურატურას უნდა მივმართო (უკვე მივმართე). მე თქვნგან ვითხოვ, შემხვდეთ, გაეცნოთ ჩემს პოზიციას და არგუმენტებს (შეხვდით მომჩივან მხარესაც), შეისწავლეთ საკითხი, თუ როგორ წყვეტს 15 მლნ აშშ დოლარის აქტივის ბედს საქმის განუხილველად სასამართლო და გააკეთეთ განცხადება, გამოხატეთ თქვენი პოზიცია, მკაფიოდ დააფიქსირეთ თქვენი აზრი.
კიდევ ერთხელ გეუბნებით და გაფრთხილებთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩემი პირადი საქმე – ეს არის საქმე, რომელსაც თუ დროულად არ მიეხედა, მთლიანად ბიზნეს-სამართლის წარმოებისთვის იქცევა გამოუსწორებელ საფრთხედ”, – აღნიშნავს დავით ზეიკიძე.