“პირველ ყოვლისა, მადლობა მინდა, გადავუხადო ფინანსთა სამინისტროს, ეროვნულ ბანკს, მთავრობის ადმინისტრაციის ეკონომიკურ გუნდს ერთობლივი მუშაობისთვის, უპირველესად, ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად როგორც ფისკალური, ასევე მონეტარული მიმართულებით. ეს იყო უკიდურესად მნიშვნელოვანი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე ანტიკრიზისული ბიუჯეტის პრეზენტაციისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, კოორდინებული მუშაობის შედეგი იყო, რომ საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა დაასრულა მოლაპარაკებები სავალუტო ფონდთან.
“კოორდინებული მუშაობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, დონორებთან, სწორედ ამის შედეგი იყო, რომ ჩვენ პირველებმა დავასრულეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკება და ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას არცერთი დღე არაფერი არ დამუქრებია – ეს არის აი ამ ხალხის დამსახურება. აშკარად ჩანს, რომ ანტიკრიზისული ბიუჯეტი არის სისტემური მიდგომის შედეგი, აქ გააზრებულია ყველაფერი, გათვლილია თითოეული რისკი, როგორც დროში ისევე იმ რისკების და რეალობის გათვალისწინებით, როდესაც პროგნოზირებადობის ხარისხი არის ძალიან დაბალი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.