ქვემო ბოლნისში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული 32 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება ეთნიკურად აზერბაიჯანელებს შორის მომხდარ დავას, რომელიც წარსულის შურისძიებას უკავშირდება.
“რეგიონული კვირის” გადამღები ჯგუფი დეტალების გასარკვევად ქვემო ბოლნისში , გარდაცვლილის ოჯახში იმყოფებოდა, თუმცა ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა სახლთან მიახლოების საშუალება არ მოგვცეს და არც მომხდარის შესახებ საუბარი ისურვეს.
მომხდარის მიზეზებზე საჯაროდ არც მეზობლები საუბრობენ , მაგრამ როგორც ერთ-ერთმა მათგანმა პირად საუბარში განგვიცხადა, არავინ იცის რა ვითარებაში და როგორ მოკლეს ახალგაზრდა. მისი თქმით, გარდაცვლილი წარსულში ნასამართლევი იყო და ციხიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა.
“დიდი ამბავი მოხდა. წინათ რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ ახლა რაც მოხდა, ის ვიცით, რომ ისხდნენ, ქეიფობდნენ და გავიგეთ, რომ ეს მოხდა”,– უთხრა “რეგიონულ კვირას” ერთ-ერთმა მეზობელმა.
ინფორმაციას არ ფლობენ მეზობელ სოფელშიც, სადაც ჩვენი ინფორმაციით, ის ძმები ცხოვრობენ, რომლებთანაც გარდაცვლილს წარსულში კონფლიქტი ჰქონდა. ადგილობრივების განცხადებით, მკვლელობის ამბავი სოფელში არ გაუგიათ და არც გარდაცვლილის შესახებ იციან რამე.
“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, გუშინ ღამით, ილკინ ზარგატპოვი ქვემო ბოლნისში, მდინარესთან, ფაცხაში ადგილობრივ, ეთნიკურად აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად სუფრაზე იმყოფებოდა, რა დროსაც მას ესროლეს. დანაშაული შურისძიებას უკავშირდება.
ჩვენივე ინფორმაციით, ილკინ ზარგატპოვი წარსულში ნასამართლევია და საპატიმრო დაწესებულება 16 აპრილს დატოვა. მას პირობითი სასჯელი იარაღის უკანონო შეძენისა და დაჭრისთვის ჰქონდა მისჯილი. ერთ-ერთი ვერსიით, წარსულში ჩადენილი დანაშაული ილკინ ზარგატპოვსა და ეთნიკურად აზერბაიჯანელებს შორის სოფელ ფოლადაურში მოხდა, როდესაც მან ძველი უთანხმოების გამო, მეზობელი სოფლის მკვიდრი 2 ძმა დაჭრა. არსებობს მოსაზრება, რომ გუშინ მომხდარი მკვლელობა სწორედ მათ შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობას მოჰყვა.
მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული სამი ჭრილობა აქვს. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.