საქართველო 1-ელი ივლისიდან საერთაშორისო ტურისტებს ელოდება, შესაბამისად, მსოფლიო პანდემიის გამოწვევების გათვალისწინებით, ქვეყნის აეროპორტებში უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები აქტიურად ინერგება, – საქართველოს მთავრობის მეთაური ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილსა და იმერეთის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესთან ერთად დღეს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდა, სადაც ახალი ტერმინალის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს.
გიორგი გახარია პროექტის მეორე ფაზით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო და დეტალური ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანლისგან მიიღო.
პრემიერმინისტრმა ხაზი გაუსვა გამართული, თანამედროვე ინფრასტრუქტურის მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის და აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ მსხვილი და მასშტაბური პროექტების განხორცილებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ახალი ტერმინალის მშენებლობის პარალელურად, მშენებლობის მესამე ეტაპით განსაზღვრული სამუშაოებიც მიმდინარეობს. გარდა ამისა, პოლონური კომპანია – Dimark group-ი აეროპორტში თანამედროვე სისტემებს ამონტაჟებს, რაც მგზავრობას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტების მიზანია ქვეყნის ეკონომიკის წინსვლა და განვითარება, რაც, საბოლოოდ, თოთოეული ოჯახის კეთილდღეობაზე აისახება.