სომეხი აქტივისტი, მანუელ მანუკიანი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც, მანუკიანის მტკიცებით, პოლიცია მოქალაქეს პირბადის არქონის გამო ძალის გამოყენებით აკავებს.
“პოლიცია სომხეთის მოქალაქეს ამცირებს იმის გამო, რომ მას ნიღაბი არ უკეთია. ხალხო, ადექით, ეს უკვე დაუშვებელია. ნახეთ, როგორ ადგამს ფეხს მამაკაცის კისერს. ამ მოქალაქის ნაცვლად ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება, აღმოჩნდეს. ვიდეომასალა ცოტა ხნის წინ გადავიღე. ყველას გაერთიანებისკენ მოვუწოდებ. ეს პოლიციელები დაუყოვნებლივ უნდა იყვნენ პასუხისგებაში მიცემულნი”, – დაწერა აქტივისტმა.
როგორც NEWS.am-ს პოლიციაში განუცხადეს, მოქალაქეს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება, ვიდეომასალას კი შეისწავლიან.
აღსანიშნავია, რომ ერთი საათის წინ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ პოლიცია არის ძალოვანი სტრუქტურა და წესების ღია დამრღვევთათვის, კანონის ფარგლებში, უნდა ხდებოდეს და მოხდება ძალის გამოყენება. მისივე თქმით, ეს პოლიციისადმი მისი მოთხოვნაა და, ასევე, პოლიციისადმი საზოგადოების მოთხოვნაა.