არასრულწლოვანი დედისა და ჩვილის საქმის სენსაციური გაშუქება “TV პირველზე”

მძიმე ბრალდებები მეზობლებსა და არასრულწლოვან რესპონდენტებზე დაყრდნობით, რომლებიც ამბის თვიმხილველებიც არ არიან, უგულვებელყოფილი ბავშვის საუკეთესო ინტერესი და უპირობოდ მკვლელად გამოცხადება არასრულწლოვნის, რომელიც შესაძლოა თავადაც მსხვერპლი იყოს – ასე გაშუქდა 2 ივნისს “TV პირველზე” თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში ჩვილის ცხედრის აღმოჩენის შემთხვევა.

საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმაც და სიუჟეტის ავტორებმაც მეზობლებსა და არასრუწლოვან რესპონდენტებზე დაყრდნობით მაყურებელს უთხრეს, რომ “ჩვილი, სავარაუდოდ, იმავე კორპუსში მცხოვრებმა არასრულწლოვანმა გოგომ გააჩინა, რომელიც ორსულობას მალავდა და კვალის დამალვის მიზნით, ბავშვი ფანჯრიდან გადააგდო”.

ამ ვერსიის გარდა, როგორც საინფორმაციო გამოშვების, ასევე სიუჟეტის ავტორისგან ასევე მტკიცებით ფორმაში მოვისმინეთ, რომ პოლიციამ „ახალშობილი ბავშვის ცხედარი პოლიეთილენის პარკში გაახვია და შემდეგ უკვე სანაგვე ურნაში გადააგდო“.

აღნიშნულის დასამოწმებლად სიუჟეტში მხოლოდ ორი მეზობლის კომენტარი მოვისმინეთ. არცერთი მათგანი ფაქტის შემსწრე არ არის.

„დამლაგებელია და იმან თქვა, რომ მივედიო, დავინახეო და დავრეკეო [ახალშობილი მიცვალებულიო]. მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალი იყოო“, – ამბობს ერთი.

„დილით სადღაც 8 საათისთვის [მოხდა], არფერი ვიცით, დაახლოებით ასე გავიგეთ ჩვენც [რომ არასრულწლოვანმა ბავშვი გააჩინა და ფანჯრიდან გადმოაგდო]”, – ამატებს მეორე.

სიუჟეტიდან ასევე გავიგეთ, რომ „არასრულწლოვანი დედის ოჯახი, რომელმაც, სავარაუდოდ, ჩვილი ბავშვი თავიდან მოშორების მიზნით, მეექვსე სართულის ფანჯრიდან ქუჩაში გადააგდო, შემზარავი შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა“, – თუმცა რა წყაროს ეყრდნობა ჟურნალისტი აღნიშნულის მტკიცების დროს, სიუჟეტიდან არ ჩანს. აღნიშნულის საპირწონედ, მასალაში მხოლოდ ორი ბავშვის კომენტარს ვისმენთ, რომლებიც განმარტავენ, რომ ქალი, რომელმაც ბავშვი ფანჯრიდან „ჩამოაგდო“, ტიროდა და „დედამისი სცემდა“.

ასევე, სიუჟეტში მხოლოდ არასრუწლოვნების მონათხრობს ეყრდნობა ის ვერსიაც, რომ ახალშობილის ცხედარი სამართალდამცველებმა ჯერ პოლიეთილენის პარკში გაახვიეს და შემდეგ კი – სანაგვე ურნაში ჩააგდეს. დამატებითი წყარო, რომელიც ამ ვერსიას მეტ დამაჯერებლობასა და სოლიდურობას შესძენდა, მასალაში არ ჩანს.

სიუჟეტში მომხდარში უპირობოდ არის დადანაშაულებული არასრულწლოვანი ისე, რომ მისი საუკეთესო ინტერესები გათვალისწინებული არ არის. Სიუჟეტში არც კი ჩანს მსჯელობა, რომ არასრულწლოვანი, რომელმაც სავარაუდოდ შვილი გააჩინა, შესაძლოა თავად იყოს მსხვერპლი. ასეთი მძიმე თემის ამგვარად გაშუქება კი ეთიკური სტანდარტების მიღმაა.

წყარო: MEDIA CHECKER

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები