“მომავალ ლიდერთა“ გაცვლითი პროგრამის კონკურსში, რომელსაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აფინანსებს, ონის საჯარო სკოლის ორმა მეთორმეტეკლასელმა გოგონამ გაიმარჯვა. ისინი იმ 80 გამარჯვებულ შორის მოხვდნენ, რომელიც საქართველოდან შეირჩა.
როგორც ანი გამყრელიძე და ნინო მეტრეველი „რეგიონულ კვირას“ უყვებიან, კონკურსის მთავარი კრიტერიუმი ასაკი და ინგლისური ენის კარგი ცოდნა იყო. პირველ რაუნდში ტესტები შეავსეს, მეორე ეტაპზე კი ესსეები დაწერეს, სადაც თავიანთი პიროვნება წარმოაჩინეს. ონელმა მოსწავლეებმა კონკურსის ყველა ეტაპი წარმატებით გადალახეს, გამარჯვებულებიც გახდნენ და 8 თვის მანძილზე ამერიკის სხვადასხვა შტატში – ანის კოლორადოში, ნინის კი ტეხასში მოუწია სწავლა. სკოლის დასრულების ატესტატიც იქ აიღეს.
გოგონები ამერიკული დღეების საინტერესო დეტალებს იხსენებენ და ამბობენ, რომ იქაური ცხოვრება საკუთარი თავის შეცნობაში დაეხმარათ.
„ამერიკა ძალიან მულტიკულტურული ქვეყანაა. ჩვენგან განსხვავებული ტრადიციები და მიდგომები აქვთ. ეს იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო“, – გვიყვება ანი.
“ყველა ბავშვს სხვადასხვა მიზეზითა და მიზნით უნდა ამერიკაში წასვლა. ჩემი მიზანი პიროვნული ზრდა იყო. იქ რომ ჩავედი და დამოუკიდებელი ცხოვრება დავიწყე, პრობლემებს მარტომ შევეჭიდე, საკუთარი თავი შევიცანი. ამერიკამ მასწავლა, როგორ შევძლო მომავალში ჩემი გეგმების რეალიზება”, – იხსენებს ნინი.
ანი და ნინი წარმატებული მოსწავლეები და მრავალი კონკურსის გამარჯვებულები არიან. გოგონებმა ამერიკაშიც არაერთი ჯილდო მიიღეს. ნინი იმ სერთიფიკატის მფლობელი გახდა, რომელსაც ამერიკელები „რევოლუციონალურ“ ჯილდოს ეძახდნენ. ასევე, ხატვის კონკურსშიც გაიმარჯვა და მისი ნახატი გამოფენებზე გაიტანეს. სიგელი მიიღო ცეკვაშიც. ანის ესსეები კი ამერიკულ ჟურნალებში გამოქვეყნდა – „ბავშვობის მერე მოთხრობებს აღარ ვწერდი, მაგრამ რატომღაც ინსპირაცია მქონდა. კონკურსი რომ გამოცხადდა, მომინდა, დამეწერა. პირველი კონკურსი საშინელებათა თემაზე ესსეს ითხოვდა, გავიმარჯვე და გამოცემაშიც მოხვდა, ე.წ. ამაზონის „გიბსქარდიც“ მაჩუქეს, მეორე კონკურსში გადავწყვიტე, აგვისტოს ომის თემაზე მესაუბრა და ჩემი ამერიკელი თანატოლებისთვის ეს მძიმე ამბავი მომეთხრო – 2008 წელს, როცა ონი დაიბომბა, ჩემი ოჯახი აქ იყო, რაც მძიმედ მახსენდება ხოლმე. ესსეში დავწერე – აგვისტოს ომის შემდეგ ბავშვებს აღარ ჰქონდათ ბავშვური სურვილები, აღარ უნდოდათ ლეკვები, ველოსიპედები, სათამაშოები, მათ მხოლოდ მშვიდობა უნდოდათ!“.
ონელ გოგონებს სამომავლოდ უამრავი გეგმა აქვთ, რომელთა განხორციელებაშიც ამერიკული ცხოვრების გამოცდილება ძალიან დაეხმარებათ.
მარინე სვანიძე