კორონავირუსს 31 ქვეყნის 127-ზე მეტი ჟურნალისტი ემსხვერპლა
COVID-19-ს ბოლო სამი თვის განმავლობაში 31 ქვეყნის 127-ზე მეტი ჟურნალისტი ემსხვერპლა, – ნათქვამია დამოუკიდებელი ჟურნალისტური ასოციაციის, Press Emblem Campaign-ის (PEC) განცხადებაში.
ორგანიზაციის მონაცემით, გარდაცვლილთაგან 2/3 ვირუსს პროფესიული მოვალეობების შესრულების დროს ემსხვერპლა, მხოლოდ მაისში 72 ლეტალური შემთხვევა ფიქსირდება.
აღინიშნება, რომ მათი ნაწილი პროფესიული საქმიანობის დროს დაცვის საკმარისი საშუალებების არარსებობის გამო გარდაიცვალა.
ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა გამოვლენილია ლათინური ამერიკის რეგიონში.
პირველ ადგილზეა პერუ – 15; შემდეგ ბრაზილია და მექსიკა 13-13 ჟურნალისტით; აშშ-ში მედიის 12 თანამშრომელი გარდაიცვალა, რუსეთში კი – 5.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ მსხვერპლი შესაძლოა, გაცილებით მაღალი იყოს.