ლევან კლიმიაშვილი: ტექნიკურ უნივერსიტეტში შუალედური გამოცდების ჩატარება გენერალური რეპეტიცია იყო ფინალური გამოცდებისთვის

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, პანდემიის პირობებში, უმოკლეს პერიოდში შეძლო, სასწავლო პროცესი ელექტრონულ ფორმატში გადაეტანა. შექმნილ სიტუაციაში ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო, რასაც ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარმატებით გაართვა თავი. სწორედ ამის შედეგია ის ფაქტი, რომ შუასემესტრული გამოცდები დისტანციურ რეჟიმში და ტექნიკურად გამართულად ჩატარდა – ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საგამოცდო პროცესი 23 მაისს დასრულდა და მასში მონაწილეობა სტუ-ის 15 500-მა აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტმა მიიღო.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შუასემესტრული საგამოცდო პროცესის ელექტრონულად რეჟიმში ჩატარების, დისტანციური სწავლებისა და მისი შედეგების, ლაბორატორიული მეცადინეობებისა და ფინალური გამოცდების ჩატარების შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცერექტორი, პროფესორი ლევან კლიმიაშვილი საუბრობს.

– დღეს ჩვენს საუნივერსიტეტო ელექტრონულ პლატფორმას მძლავრი ტექნიკური უზრუნველყოფა აქვს. საუნივერსიტეტო პლატფორმაზე შეუფერხებელად წვდომა სწავლების სამივე საფეხურის ყველა სტუდენტისთვისაა შესაძლებელი. რაც მთავარია, ჩვენი ელექტრონული პლატფორმა კარგად უძლებს სტუდენტთა დიდი რაოდენობის ერთდროულად შესვლას. შუასემესტრული გამოცდების დასრულების შემდეგ, გრძელდება დისტანციური სწავლება. ყოველკვირეულად ჩატარებული ონლაინლექცია/პრაქტიკული მეცადინეობების საერთო რაოდენობა 5700 ერთეულია. აქედან: 2279 ლექციაა, 3047 – პრაქტიკული მეცადინეობა, 351 – ლაბორატორიული მეცადინეობა, 23 კი – საკურსო. ამ პროცესში ჩართულია 1470 პროფესორ-მასწავლებელი და ყველა სტუდენტი, რომელსაც ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობა აქვს.

– როგორ ფიქრობთ, რამდენად წარმატებით ჩატარდა შუასემესტრული გამოცდები?

– შუასემესტრული გამოცდები ტექნიკურ უნივერსიტეტში 18 მაისს დაიწყო და 23 მაისს დასრულდა. შუალედური გამოცდები დისტანციურად ჩააბარა 15 500 სტუდენტმა. გამოცდები ტარდებოდა ერთდროულად ორ პორტალზე: elearning.gtu.ge-სა და testing.gtu.ge-ზე. testing.gtu.ge-ზე, რომელზეც ბოლო 10 წელია, გამოცდები ცენტრალიზებული გზით ბარდება, შუალედური გამოცდა 131 საგანში ჩატარდა და ყოველდღიურად 3000 სტუდენტი იღებდა მონაწილეობას. elearning.gtu.ge-ზე შუალედური გამოცდა 2450 საგანში ჩატარდა, ყოველდღიურად 13 500 სტუდენტის მონაწილეობით. მთლიანობაში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შუასემესტრული გამოცდები 2581 საგანში ჩატარდა და მონაწილეობა მიიღო ბაკალავრიატის ოთხივე წლის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის პირველი წლის სტუდენტებმა –  ჯამურად, 15500 სტუდენტმა, რაც აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტების 83%-ს შეადგენს. ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო კურსებში სტუდენტების შეფასების ელექტრონული სისტემაც კარგად მუშაობს. მართალი გითხრათ, ველოდით ასეთ შედეგებს, რადგან ელექტრონული სწავლების მოქნილი და გამართული სისტემის შესაქმნელად ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მასშტაბური სამუშაოები განახორციელა.

– რა პრინციპით იმართებოდა შუასემესტრული საგამოცდო პროცესი?

– პირველ ყოვლისა, შედგა შუალედური გამოცდების ჩატარების ეელქტრონული განრიგი, სადაც, ფაკულტეტების მიხედვით, მითითებული იყო  თარიღი, დრო, გამოცდის ჩატარების ელექტრონული მისამართი და ხანგრძლივობა. ამასთან ერთად, შევიმუშავეთ შუასემესტრული გამოცდების ჩაბარებისა და ჩატარების გზამკვლევები ვიდეოინსტრუქციების სახით, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე, პროფესორ-მასწავლებლებისთვის. სამიზნე ჯგუფების ინფორმირების მიზნით, ვიდეოინსტრუქციები განთავსდა ტექნიკური უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდებზე, ელექტრონული სწავლების საუნივერსიტეტო პლატფორმასა და პორტალზე. თითოეულ საგანში შემუშავდა საგამოცდო ტესტების რამდენიმე ვარიანტი – არც ლექტორმა და, მით უმეტეს, არც სტუდენტმა არ იცოდა, რა ტიპის ტესტი შეხვდებოდა შუასემესტრულ გამოცდაში. მითითებულ კონკრეტულ დროს, გამოცდის დაწყებისთანავე სტუდენტს საშუალება ჰქონდა, ჩამოეტვირთა საგამოცდო დავალება,  რომელიც პროფესორს სილაბუსის მიხედვით ჰქონდა შედგენილი, შეესრულებინა და განსაზღვრულ დროში აეტვირთა ლექტორისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ ყველა სტუდენტს არ აქვს საშუალება, იქონიოს ლეპტოპი ან კომპიუტერი, ჩვენ მათ საშუალება მივეცით, საგამოცდო პროცესში სმარტფონებიც გამოეყენებინათ. სტუდენტებს შეეძლოთ ჩამოეტვირთათ საგამოცდო დავალება, ფურცელზე შეესრულებინათ, შემდეგ ფოტო გადაეღოთ და დავალება ამ ფორმით აერტვირთათ სისტემაში. რაც შეეხება უშუალოდ საგამოცდო პროცესის მართვას, ამისთვის აბსოლუტურად მობილიზებული იყო უნივერსიტეტის პროფესურა და ადმინისტრაცია. საგამოცდო პროცესისითვის მზადება ადრიდანვე დავიწყეთ, რათა სტუდენტთა დიდი რაოდენობის ფონზე, წარმოქმნილ პრობლემასა და ხარვეზზე რეაგირება მყისიერი ყოფილიყო და მათი აღმოფხვრა უმოკლეს დროში ყოფილიყო შესაძლებელი. ამ მიზნით, მოქნილი მექანიზმი შევიმუშავეთ, რის შესახებაც სტუდენტები წინასწარ იყვნენ ინფორმირებული – იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტს შუალედური გამოცდის ჩაბარების პროცესში შეექმნებოდა პრობლემა, მათ უნდა შეევსოთ ელექტრონული განაცხადის ფორმა, რომელზეც მყისიერად ვახდენდით რეაგირებას. შუალედური გამოცდების პერიოდში 1800 ელექტრონული  განაცხადი შემოვიდა და დროული რეაგირების გარეშე არცერთი  დარჩენილა.  გარდა ამისა, ტექნიკური უნივერსიტეტის “ფეისბუქის” გვერდზე, ინტერაქტიურ რეჟიმში, მუდმივად მიმდინარეობს და შუალედური გამოცდების პერიოდშიც მიმდინარეობდა სტუდენტებთან ურთიერთობა და მათ პრობლემებზე რეაგირება მყისიერად ხდებოდა. ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდზეც და “ფეისბუქის” გვერდზეც სტუდენტებისთვის მითითებული იყო საკონტაქტო პირების ნომრები ფაკულტეტების მიხედვით. მეტიც, რექტორმა, ბატონმა, დავით გურგენიძემაც დადო თავისი საკონტაქტო ნომერი უნივერსიტეტის “ფეისბუქგვერდზე” და სტუდენტები, საჭიროების შემთხვევაში, რექტორსაც უკავშირდებოდნენ. შესაბამისად, მთელი გუნდის დაუღალავი შრომის შედეგია ის, რომ შუალედური გამოცდების ერთკვირიან პერიოდში ტექნიკურმა უნივერსიტეტმა 80 ათასი სტუდენტ-გამოცდა ტექნიკურად გამართულად ჩაატარა. ჯამში, ეს შეადგენს 15 500 სტუდენტს, ანუ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის იმ სტუდენტების 83%-ს, რომლებისთვისაც სავალდებულო იყო შუასემესტრული გამოცდების ჩაბარება.

– ის, რომ 15500-მა სტუდენტმა დისტანციურად ჩააბარა შუალედური გამოცდები, ეს წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს?

– დიახ, ეს წარმატებაა, როდესაც ტექნიკური უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტების 83% შეუფერხებლად აბარებს შუალედურ გამოცდებს დისტანციურად. იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიის პირობებში, ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი გადაყვანილია ინდივიდუალურ საგანმანათლებლო გრაფიკზე, ჩვენს იმ სტუდენტებს, რომლებიც ელექტრონული სერვისებით ვერ სარგებლობენ, მეორე სემესტრის სწავლის განრიგის მიხედვით, 29 ივნისიდან მიეცემათ საშუალება აღადგინონ, როგორც მიმდინარე აქტივობები, ასევე, შუალედური გამოცდები. ტექნიკური უნივერსიტეტი მათ ყოველმხრივ შეუწყობს ხელს.

 – რა ფორმატში ჩატარდება ფინალური გამოცდები? საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლა უკვე აღდგენილია – შეუძლია ტექნიკურ უნივერსიტეტს სწავლების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს?

– ტექნიკური უნივერსიტეტი მთავრობის დადგენილების შესაბამისად მოქმედებს. ლექციებისა და რიგი პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარებას 27 ივნისამდე ონლაინრეჟიმში გავაგრძელებთ იმ მიზნით, რომ დავიცვათ უსაფრთხოების სავალდებულო ნორმები და სტუდენტების დიდი მასის უნივერსიტეტში შემოსვლა ავირიდოთ. ფინალური გამოცდები ტექნიკურ უნივერსიტეტში 20 ივლისიდან დაიწყება. თუ რა ფორმატში წარიმართება ეს პროცესი, ამის შესახებ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და დამოკიდებულია შექმნილ ვითარებაში მოვლენების განვითარებაზე. თუმცა, მთავრობის დადგენილებით, დასკვნითი გამოცდების ლაივ-რეჟიმში ჩატარების უფლებაც გვაქვს. ასევე, მთავრობის დადგენილების მე-17 დანართის საფუძველზე, შეგვიძლია სტუდენტების საუნივერსიტეტო სივრცეში დაბრუნება მხოლოდ იმ ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობების აღდგენის მიზნით, რომელსაც ონლაინ ვერ ვატარებთ. დაგენილება ითხოვს, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია და ზედმიწევნით დავიცვათ სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების უსაფრთხოება. იმ საგნებში, რომელშიც გამოცდებს ერთდროულად ბევრი სტუდენტი აბარებს – და ეს ხდება ცენტრალიზებულად სტუ-ის საგამოცდო ტესტირების ცენტრში – სავარაუდოდ, ფინალური გამოცდები ისევ ონლაინ რეჟიმში ჩატარდება, მაგრამ იმ საგნებში გამოცდა, რომელიც სტუდენტმა ლექტორთან ინდივიდუალურად უნდა ჩააბაროს, უსაფრთხოების ყველა წესის, სავალდებულო დისტანციისა და ბარიერის დაცვის გათვალისწინებით, ლაივრეჟიმში ჩატარდება.  გარდა ამისა, 20 ივლისიდან დაიწყება სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების დაცვის პროცესი. ტექნიკური უნივერსიტეტი მზად არის ეს პროცესიც უსაფრთხოების სრული დაცვით წარმართოს.

– ლაბორატორიული მეცადინეობების ჩვეულ რიტმში აღდგენა როგორ მოხდება?

– ტექნიკურ უნივერსიტეტს 11 სასწავლო კორპუსი აქვს. ჩვენ უსაფრთხოების ყველა წესისა და მოთხოვნის დაცვით შეგვიძლია იმ ლაბორატორიული თუ პრაქტიკული მეცადინეობების განახლება, რომლის ჩატარება, სპეციფიკიდან გამომდინარე, ონლაინ შეუძლებელი იყო. ასე რომ, დიდი მოლოდინია, რომ 2019-2020 სასწავლო წელს ტექნიკური პრობლემების გარეშე, სრულყოფილად დავასრულებთ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები