“კრემლში მშვენივრად იციან, რაზე მუშაობენ ლუგარის ლაბორატორიაში, მაგრამ ვერ ეგუებიან, რომ ის საქართველომ ეფექტურად გამოიყენა სხვადასხვა ვირუსთან ბრძოლაში”

“რუსეთი მიზანმიმართულად ცდილ­ობს, ლუგარის ლაბორატორიის მთავარი დანიშნულება – საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე ზრუნვა დააკნინოს, მისი ფუნქციაა სახიფათოდ წარმოაჩინოს და, რაც მთავარია, ამაში საზოგადოება დააჯეროს”, – ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტი, გიორგი რუხაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას, რომლის მიხედვითაც მოსკოვი ლუგარის ლაბორატორიაში დაშვების შესახებ საქართველოს პასუხს ელოდება.

ექსპერტის განმარტებით, წერილის კილო და შინაარსი მიანიშნებს, რომ კრემლი საქართველოს დამოუკიდებელ ქვეყნად არ აღიარებს.­

“რუსეთი მიზანმიმართულად ცდილ­ობს, ლუგარის ლაბორატორიის მთავარი დანიშნულება – საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე ზრუნვა დააკნინოს, მისი ფუნქცია სახიფათოდ წარმოაჩინოს და, რაც მთავარია, ამაში საზოგადოება დააჯეროს. თუმცა­ ახლა, წინა შემთხვევებთან შედარებით, სხვა ვითარება გვაქვს – მედია და ვიღაც ექსპერტები კი არ ლაპარაკობენ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური წერილი გადმოგზავნა და ძალზე სარკასტულია, რომ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. წერილის კილო და შინაარსი მიანიშნებს, რომ კრემლი საქართველოს დამოუკიდებელ ქვეყნად არ აღიარებს.­ კი არ ითხოვა, მოითხოვა, ჩვენ ჩამოვალთ და სადაც მოვითხოვთ, ყველგან უნდა შეგვიშვათო!..

არადა, კრემლში მშვენივრად იციან, რაზე მუშაობენ ლაბორატორიაში, მაგრამ ვერ ეგუებიან, რომ ის საქართველომ ეფექტურად გამოიყენა სხვადასხვა ვირუსთან ბრძოლაში. ამ კარგად მომზადებულ დეზინფორმაციაში ისევ ფიგურირებს კოღო და თუ ადრე ასეთ პრიმიტიულ “ფეიკებზე” გვეცინებოდა, თურმე სულაც არ ყოფილა სასაცილო – კრემლის სცენარის მიხედვით, ამ ბიოობიექტში განსაკუთრებით სახიფათო ბიოლოგიური აგენტების, ინფექციების გამომწვევი და გადამტანი მწერების გამოსაყენებლად ტარდება კვლევა. თანაც მაშინ, როდესაც აშშ-მა უკვე დააპატენტა უპილოტო საფრენი აპარატი ჰაერში ინფიცირებული კოღოების გასავრცელებლად და შეიმუშავა პატენტი მომწამვლელი ნივთიერებებით ან ინფექციური აგენტებით აღჭურვილი მასალების წარმოებაზეო – ანუ სპეციალურად მუშაობენ დავირუსებულ მწერებზე, რათა ისინი რუსეთში გაუშვან, ადამიანები რომ დაავადდნენო.

როდესაც ამას სახელმწიფო უწყება აცხადებს, ეს პირდაპირი შეტევაა საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაზე. გარდა ამისა, ეს არის ქვეყნის ხელისუფლების დეზორიენტაციისა და შეშინების ცდა. საქართველოს მთავრობას ეტყობოდა შეშინება. პირველად პასუხი ამირან გამყრელიძემ გასცა, რაც შეცდომა იყო. ის თავისი საქმის პროფესიონალია, მაგრამ პოლიტიკურ განცხადებებზე, მით უფრო რუსეთს, პასუხი უნდა გასცეს ხელისუფლების წარმომადგენელმა.

საყურადღებოა, რომ ლუგარის ლაბორატორიის შესახებ რუსეთის განცხადება ორი კომპონენტისგან შედგებოდა: პირველი იყო მბრძანებლური კილო, რაც უნდა გაეპროტესტებინათ და უნდა ეთქვათ, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და ვის ჩამოვიყვანთ, თავად გადავწყვეტთო; მეორე იყო ერთი შეხედვით პრიმიტიული, მაგრამ ძალიან მავნებლური შინაარსის მასებზე გათვლილი ინფორმაცია, რომელზეც საქართველოს ხელისუფლებას რამდენიმე დღის შემდეგ კი არა, მაშინვე უნდა გაეცა საკადრისი პასუხი. წლებია რუსეთის ჰიბრიდული ომის სამიზნე ვართ და როგორც კი კრემლიდან მსგავსი თავდასხმა­ იქნება, მაშინვე უნდა ვუპასუხოთ. მაშინ, როცა თავად უმძიმესი სურათი აქვს, რუსეთი გარეთ პრობლემის ძებნას შემდეგშიც განაგრძობს, რადგან ვერაფრით შეეგუება, რომ პატარა საქართველო ამ მძიმე ვითარებიდან ძალზე მცირე დანაკარგით გამოდის. მეტიც, მეზობელ სომხეთსაც კი სთავაზობს დახმარებას, სომხეთში კი რუსული გავლენა ჯერ ისევ ძლიერია, თუმცა უკმაყოფილების ტალღა იზრდება. ასე რომ, ახალი არ არის რუსეთს არ სურდეს, საქართველო რეგიონში მოწინავე ქვეყანა იყოს და ჩვენს წინააღმდეგ ბრძო­ლას არასდროს შეწყვეტს. იმ აუდიტორიას, ვინც კრემლის სამიზნეა, ხელისუფლება თავისი პასიურობით აძლევს ფიქრის საბაბს, რომ აქ ნამდვილად ვაწარმოებთ ბიოლოგიურ იარაღს. რუსეთმა თქვა, უნდა ჩამოვიდეთ და ლაბორატორია ორმხრივ ფორმატში დავათვალიერეთო, საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი უპასუხა, საერთაშორისო ვიზიტით ჩამობრძანდითო, მაგრამ ამ ყველაფერს ფასი მაშინ ექნებოდა, რომ ყველა განცხადება ერთიან ფორმატში, თანამიმდევრულად ჩამოეყალიბებინათ, პრემიერს ან საგარეო საქმეთა მინისტრს ეპასუხა და არა გაფანტულად, ზოგი გამყრელიძემ რომ თქვა და ზოგიც – ზალკალიანმა. ამ ტიპის პასუხმა ვერ დატოვა საჭირო ეფექტი და ეს აისახა კიდეც რუსეთის შემდგომ განცხადებაზე, ჩვენს მოთხოვნაზე პასუხი არ მიგვიღიაო. რაღაც ელემენტებს თუ არ ჩავთვლით, ზალკალიანმა, ფაქტობრივად, გაიმეორა ამირან გამყრელიძის განცხადება. თან მანამდე იყო გამყრელიძის პასუხი, საბჭოთა კავშირი 30 წლის წინ დაიშალა და ჩვენი უფროსები აღარ ხართო. ასეთი შინაარსის განცხადებით საგარეო საქმეთა მინისტრს ან პრემიერს უნდა ეპასუხათ, რომელმაც ლამის 9 საათს ისაუბრა უამრავ თემაზე და ლუგარის ლაბორატორიაზე რუსეთის სახიფათო შეტევაზე არაფერი უთქვამს…

2008 წლის ომის შემდგომ მოსკოვი­ ქართულ სივრცეში ასეთი თავხედურად აქტიური არასდროს ყოფილა. ქართველი საზოგადოება უკვე დავზარალდით მისი აგრესიული დეზინფორმაციით, რომ არაფერი ვთქვათ ეკონომიკურ ნაწილზე ან სულაც ტურიზმზე, რომელზეც ასეთი განცხადებები აუცილებლად აისახება. მოსახლეობაში ზოგს უკვე სჯერა, რომ ლაბორატორიის მუშაობა საფრთხის შემცველია.

რუსეთის უსაფრთხოების სტრატეგიული დოკუმენტის მიხედვით, ის იტოვებს უფლებას ძალა გამოიყენოს სხვა ქვეყნის­ ტერიტორიაზე, თუ მის საზღვრებთან გაჩნდება ბიოლოგიური იარაღის საფრთხე თუ ტერორისტების მოსამზადებელი ბაზები.

ეს ნიშნავს, რომ თუ მას სამხედრო აგრესია დასჭირდება, უკან არ დაიხევს, მაგრამ ამ შემთხვევაში არა მგონია, ომის საფრთხე იდგეს. ლუგარის გამო ის შეიარაღებულ აგრესიას არ დაიწყებს, სხვაგვარად შეეცდება საქართველოს მოგუდვას.

რუსეთის პროპაგანდა, ძირითადად, შიშის დანერგვას ემსახურება – ომის, ტერიტორიების დაკარგვის შიშს… მაგალითად, თუ ნატოში გავწევრდებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონს უნდა დავემშვიდობოთ. ასევე, ბოლო დროს ძალიან აქტიურია ბიოდივერსიის საფრთხის შიში. როდესაც საქმე სიცოცხლეს ეხება, ადამიანები ბევრ რამეს იჯერებენ. ეს კი რუსეთში კარგად იციან. არის იდენტობის დაკარგვის ან სულაც დასავლეთში საქართველოს მოქალაქეებზე ექსპერიმენტების ჩატარების შიში, რამაც შესაძლოა ჩვენი გენოფონდი გაანადგუროს… თუ ადრე ვიღაცები ამაზე გაიცინებდნენ, ახლა ვხვდებით, რომ თითქოს ბრიყვულმა მიდგომამ რუსეთს კარგი­ შედეგი მისცა, საქართველოს ხელისუფლებამ კი ვერა და ვერ გააცნობიერა რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების მრავალფეროვნება. ზოგ შემთხვევაში ხელისუფლების პოზიცია პირდაპირ ემთხვევა რუსეთის გზავნილებს. ახლახან ხელისუფლების წარმომადგენელმა რომან კაკულიამ რაც თქვა, ქართველ ხალხს ასეთი ევროპა და დასავლეთი არ უნდაო, მმართველ გუნდს არც ამაზე გაუცია პასუხი. ანუ
თუ ხელისუფლებას დეზინფორმაციასთან ბრძოლის ჩამოყალიბებული პოლიტიკა არ ექნება, სულ ასე ქარის წისქვილებთან ომში ვიქნებით. ვფიქრობ, დროული იქნებოდა თუნდაც საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული დეზინფორმაციის დეპარტამენტის გახსნა, რომელიც ამ საქმეს ჩაიბარებს და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციების დონეზე არ დაიყვანს, თორემ წაყრუების პოლიტიკით თუ ვინმე ხეირობს, ეს მოსკოვია!..”, – განმარტავს რუხაძე.

კითხვაზე – “რა შეიძლება, საქართველომ რუსეთის აგრესიას და დეზინფორმაციას დაუპირისპიროს”, ექსპერტი პასუხობს: თანმიმდევრული და პრინციპული განცხადებები.

“თანამიმდევრული და პრინციპული­ განცხადებები… საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლელი პარტნიორები დაქსაქსულად არ უნდა მოქმედებდნენ, ერთობლივი პოზიცია უნდა ჰქონდეთ. ამის მუდმივი ინიციატორი საერთაშორისო არენაზე საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს, თუმცა ამ მხრივ მნიშვნელოვანი ჩავარდნა გვაქვს. გამაოცა იმ ფაქტმა, რომ ლუგარის ლაბორატორიის შესახებ ამერიკამ უფრო ადრე გააკეთა განცხადება, ვიდრე ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

რუსეთს არ უნდა ველოლიავებოდეთ. არ გაამართლა ასეთმა პოლიტიკამ, ის განაგრძობს ბორდერიზაციას, დეზინფორმაციას და აგრესიას იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ გამოვაცხადებთ, რომ მზად ვართ მის სუბიექტად მიგვიღოს.

სხვა შემთხვევაში ის მუდმივად უკმაყოფილო იქნება. მით უფრო ახლა, მსოფლიო პანდემიის დროს, როდესაც მსხვერპლი დიდი აქვს, პატარა საქართველოს წარმატებას კი შინ და გარეთ ცხვირწინ უფრიალებენ. ისღა დარჩენიათ, საკუთარი მარცხის მიზეზი გარეთ, ამ შემთხვევაში, ლუგარის ლაბორატორიაში ეძებონ. შესაბამისად, თავდასხმებს არ შეწყვეტს, სანამ საქართველოს დამანგრეველ ზიანს არ მიაყენებს.

ამის ასაცილებლად საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთს დისკომფორტი უნდა შევუქმნათ; მისი ნებისმიერი მავნებლური ქმედება უპასუხოდ არ უნდა დარჩეს, თუნდაც საინფორმაციო სივრცეში დემარშით ან ეკონომიკურ სანქციებთან შეერთებით, რომლებიც რუსეთს დასავლეთმა დაუწესა. ხელისუფლებამ კბილი კბილის წილ პოლიტიკა უნდა გაატაროს, რათა რუსეთი იმ აზრამდე მივიდეს, რომ საქართველოს წინააღმდეგ პატარა ბრძოლების ფასად დიდ პარტიებს აგებს. სხვა შემთხვევაში, ყოველ ნაბიჯზე მეტს წავაგებთ”, – განაცხადა რუხაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები