განმუხურისა და ანაკლიის საზღვაო სანაპირო ზოლის განახლების პროექტზე მუშაობა იწყება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურისა და ანაკლიის საზღვაო სანაპირო ზოლის განახლების პროექტირებისთვის კონკურსი გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტის მიზანია სარეკრეაციო სივრცის სრულად განახლება და მრავალფუნქციური, ყველა სეზონზე ხელმისაწვდომი სანაპირო ზოლის მოწყობა.

„ტერიტორიაზე, რომელიც 66.5 ჰექტარს მოიცავს, უნდა შეიქმნას ინფრასტრუქტურა, სადაც  გათვალისწინებული იქნება სივრცეები დასვენებისთვის, სპორტული აქტივობებისა და კულტურული ღონისძიებებისთვის.

დაგეგმილია სანაპირო ზოლის რამდენიმე ფუნქციურ ზონად დაყოფა: მოეწყობა საბავშვო სათამაშო, საგანმანათლებლო და კულტურული სივრცეები,  სპორტული მოედნები, სავარჯიშო და რეკრეაციული ზონები, საფეხმავლო და ველო ბილიკები.

ტერიტორიაზე საპარკინგე ზონა საერთო ლანდშაფტური გადაწყვეტის შესაბამისად განთავსდება.

განმუხურისა და ანაკლიის საზღვაო სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურული ნაწილი მოიცავს როგორც ახალი ნაგებობების აშენებას, ისე არსებულის რეაბილიტაციას. დაგეგმილია ღია სცენის, დეკორატიული ტბის, განმუხურისა და ანაკლიის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის მოწყობა.

პროექტი ასევე ითვალისწინებს კომერციული, შემეცნებითი სივრცეების შექმნას, პერგოლების, ადაპტირებული საზოგადოებრივი სანიტარული კვანძების, ღია საშხაპეებისა და შადრევნების მოწყობას.

ამასთან, პროექტი მოიცავს გარე განათების, სარწყავი ქსელის, ელექტრო და წყალმომარაგების, კანალიზაციის, სადრენაჟე და უსაფრთხოების სისტემების მოწყობას.

პროექტირებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეკოლოგიურ პასუხისმგებლობას.  გათვალისწინებულია ტერიტორიის ადგილობრივი მცენარეული სახეობებით გამწვანება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, ნარჩენების სეპარაცია და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების შესაძლებლობა.

განმუხურისა და ანაკლიის საზღვაო სანაპირო ზოლის განახლების შედეგად შეიქმნება უსაფრთხო და ეკოლოგიურად მდგრადი გარემო, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა და ვიზიტორები კომფორტულ დასვენებას და სოციალიზაციას შეძლებენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები