„ნაციონალებში“ „თავისუფლების ინსტიტუტის“ იდეოლოგიის მატარებლებსა და „რუსეთთან შეკრულ“ წევრებს შორის დაპირისპირებაა“
გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი გაზეთ „პრაიმტაიმთან“ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს. დევდარიანის განცხადებით, შიდა დაპირისპირება „ნაციონალებში“ ადრეც არსებობდა და ახლაც არსებობს.
მისი თქმით, “თავისუფლების ინსტიტუტის” იდეოლოგიასა და დანარჩენ “ნაციონალებს” შორის, დაპირისპირება წლების განმავლობაში იყო. ყოფილი ომბუსმენის განცხადებით, „თავისუფალი ინსტიტუტის“ იდეოლოგიის მატარებლები პარტიის მიმართ ცუდ განწყობაში მათ რიგებში არსებულ რუსეთის აგენტებს ადანაშაულებენ, რუს აგენტებად წოდებული პარტიის მეორე ნაწილი კი პარტიის მარცხს “თავისუფალი ინსტიტუტის” ძალადობრივი იდეების დანერგვით ხსნის. “თავისუფლების ინსტიტუტის” იდეოლოგიასა და დანარჩენ ნაციონალებს შორის, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ბოლომდე არ იზიარებდნენ “თავისუფლების ინსტიტუტის” იდეებს, დაპირისპირება იყო და არის. მიუხედავად იმისა, რომ მათ მყარი პოზიციები ჰქონდათ ხელისუფლებაში, ეს შეუთანხმებლობა და გარკვეული პროტესტი “თავისუფლების ინსტიტუტის” იდეოლოგიის მიმართ ახლაც აქვს “ნაციონალური მოძრაობის” ბევრ წევრს.
“თავისფლების ინსტიტუტი” ბრალს სდებს მერაბიშვილს, რომ ის რუსეთთან იყო შეკრული და სხვა ამოცანებს ასრულებდა, რომ მოღალატეები არიან “ნაცმოძრაობაში” და ხალხი კიდევ უმადურია. არის სხვა ნაწილი, რომელიც შედარებით უფრო არააგრესიულია, რომელიც მიიჩნევს, რომ მათი მარცხი განაპირობა “თავისუფლების ინსტიტუტის” ძალადობრივი იდეების დანერგვამ. ეს არის იდეოლოგიური წინააღმდეგობები“,- განაცხადა ნანა დევდარიანმა. ნანა დევდარიანი ინტერვიუში მუხროვანის სპეცოპერაციის ვიდეოკადრებზეც საუბრობს. მისი თქმით, „ნაციონალები“, რაც უნდა ეცადონ, მერაბიშვილის ფრაზა გაამართლონ, ვერ დაამტკიცებენ შავზე, რომ თეთრია.
„რაც უნდა ეცადონ “ნაცმოძრაობის” სახეები დღეს, გაამართლონ ვანო მერაბიშვილის ფრაზა,- ორი გვამი მჭირდება, ამას ვერაფრით დაუდებ იმ საფანელს, რომ თურმე ვიღაცამ მოკლა “გრუ”-ს ორი თანამშრომელი და ის ითხოვდა იმ გვამებს. ასე რომ, ჯიუტად ისევ და ისევ იმის მტკიცება, რომ შავი თეთრია, არაფერს კარგს არ მოუტანს თვითონ „ნაციონალურ მოძრაობას“.
“რამდენადაც “ქართული ოცნება” გაუბედავია თავის მოქმედებაში, მით მეტ საშუალებას აძლევს “ნაციონალურ მოძრაობას”, უფრო გაბედულები გამოჩნდნენ. მოდით, გავიხსენოთ, რას აკეთებდა “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ეს იყო აგრესიული ტელედაპატიმრებები, ადამიანების ციხეში შეყრა, მოგვიანებებით მათთვის თანხებისა და საკუთრების წართმევა. მერე და მერე კიდევ უფრო დამძიმდა ეს ყველაფერი. მოსამართლეები რომ გაუშვეს უკანონოდ უზენაესი სასამართლოდან, ხომ გვახსოვს? ამ ვითარებაში დღეს იმოძღვრებიან, – ხელი არ ახლოთ ვინმეს, თორემ ეს პოლიტიკური დევნა იქნებაო“,- განაცხადა ნანა დევდარიანმა.