ხათუნა ზახაშვილი: ჩვენი რჩევაა, რომ ხელის სადეზინფექციო საშუალება თან იქონიოთ
“საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან თავშეყრის ადგილებში ადამიანებმა სადეზინფექციო საშუალებები თავად უნდა იქონიონ”, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა კითხვას – დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ არის თუ არა რეკომენდაცია გაცემული საზოგადოებრივ ტრანსპორტში (მეტროს ვაგონებსა და ავტობუსებში) სადეზინფექციო ხსნარების დისპენსერების დამონტაჟებაზე, რამდენად აუცილებელია მსგავსი ღონისძიებების გატარება და შეამცირებს თუ არა ეს ვირუსის გავრცელების რისკს”.
ზახაშვილის თქმით, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია სადეზინფექციო ხსნარით ხელების ხშირი დამუშავებაა.
„ჩვენი რეკომენდაციაა, რაც შეიძლება ხშირად და შეძლებისდაგვარად დაიმუშაონ ადამიანებმა ხელები სადეზინფექციო საშუალებით და მათი განლაგების ადგილები უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ზუსტად სად, როდის და რა ადგილას განლაგდება, ამაზე დღეს ჩვენ პასუხი არ გვაქვს. მაგრამ თითოეულ თქვენგანს გირჩევთ, რომ ხელის სადეზინფექციო საშუალება მცირე ზომის ჩამოსხმებში არსებობს ან შეგიძლიათ თქვენ თვითონაც დაამზადოთ 70%-იანი სპირტით და თან იქონიოთ იმ შემთხვევისთვის, თუ ჩათვლით, რომ თქვენი ხელები ამ მომენტისთვის დამუშავებას საჭიროებს“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.