ხათუნა ზახაშვილი: რეკომენდებულია, ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადები ისე იყოს მობილიზებული, რომ რაც შეიძლება ნაკლებად გადაიკვეთონ ერთ სივრცეში
“ყველა იმ სამსახურისთვის, რომლისთვისაც დასაშვებია, მუშაობის რეჟიმები გაგრძელდეს ონლაინრეჟიმში და თუ ეს არ აყენებს ზარალს გარკვეულ სამსახურებს მათი მოვალეობისა და ფუნქციების შესასრულებლად, რეკომენდებულია, რომ ამავე რეჟიმში გააგრძელონ მუშაობა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, რეკომენდაციაა, რომ ტრანსპორტში დიდი რაოდენობის მგზავრი ერთად არ მოხვდეს.
“ზოგადად, პანდემიის პროცესში, საზოგადოდ არსებული რეკომენდაციებით, ყველა იმ სამსახურისთვის, რომლისთვისაც დასაშვებია, მუშაობის რეჟიმები განხორციელდეს და გაგრძელდეს ონლაინრეჟიმში ისე, რომ ეს თუ არ აყენებს ზარალს გარკვეულ სამსახურებს მათი მოვალეობისა და ფუნქციების შესასრულებლად, რეკომენდებულია, რომ ამავე რეჟიმში გააგრძელონ მათ მუშაობა ან იმ თანამშრომელთა ნაწილისთვის, რომელსაც შეუძლია და მათი სამუშაო საჭიროება აძლევთ ამის შესაძლებლობას, რომ ონლაინ იმუშაონ.
რაც შეეხება ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ როგორ გაკონტროლდება ნაკადები, ამაზე მუშაობს შესაბამისი უწყებები, ეს მათი პრეროგატივაა. ჩვენი მხრივ რეკომენდებულია, მგზავრთა ნაკადები ისე იყოს მობილიზებული, რომ რაც შეიძლება ნაკლებად გადაიკვეთოს მგზავრები ერთ სივრცეში დიდი რაოდენობით და კონტროლირებული იყოს ეს სიტუაცია”, – განაცხადა ზახაშვილმა.