დაბა გუდაურში 35 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი შენდება
დაბა გუდაურის საბავშვო ბაღის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც “რეგიონულ კვირას” ყაზბეგის მერიიდან აცნობეს, სამუშაოებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი – ალექსანდრე ზაგაშვილი მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ შალვა კერესელიძესა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
საბავშვო ბაღი ერთჯგუფიანი იქნება და გათვლილია 35 აღსაზრდელზე. პროექტით გათვალისწინებულია რეგიონის კლიმატური პირობები და ინერგება ენერგოეფექტური პრაქტიკა.
ბაღი სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. მოეწყობა პანდუსი და ადაპტირებული სველი წერტილები.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 მილიონი ლარით ფინანსდება.
გუდაურში მცხოვრებ პატარებს სკოლამდელ განათლებაზე ხელი არ მიუწვდებათ. საბავშვო ბაღი ექსპლუატაციაში მიმდინარე წლის შემოდგამაზე შევა და აღნიშნულ პრობლემას სრულად მოაგვარებს.
სამშენებლო სამუშაოებს შ.პ.ს “სამება” ასრულებს.