ცხინვალი: საქართველოს მხრიდან იდგმება ნაბიჯები, რომლებმაც შესაძლოა, ვითარების ესკალაცია გამოიწვიოს და ამაში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია
ე.წ.სამხრეთ ოსეთის ე.წ.სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მტკიცებით, სახელმწიფო საზღვრის ზოლთან ქართველი ძალოვნები ისეთი ნაბიჯების გადადგმას აგრძელებენ, რომლებსაც მოკლევადიან პერსპექტივაში ვითარების დაძაბვა შეუძლია.
ამის შესახებ ცხინვალის განცხადებაშია ნათქვამი.
კგბ-ში ხაზს უსვამენ, რომ განსაკუთრებულ შეშფოთებას ის ფაქტი იწვევს, რომ აღნიშნულ ღონისძიებებში აქტიურ მონაწილეობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლები ღებულობენ და პროვოკაციულ ქმედებებში მუდმივ საფუძველზე არიან ჩართული.
“21 მაისს, საღამოს საათებში სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტმა დასახლებულ პუნქტ ქსუისთან სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტი დააფიქსირა საქართველოს პოლიციის თანამშრომლებისა და სადამკვირვებლო მისიის წევრების მხრიდან. მეორე დღეს, 22 მაისს ქართველმა პოლიციელებმა სოფელ ხელჩუასთან სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევით რესპუბლიკის ტერიტორიაზე 10 მეტრის სიღრმეში შევიდნენ.სასაზღვრო დანაყოფის პირდაპირი გაფრთხილების შემდეგ, მათ რესპუბლიკის ტერიტორია დატოვეს”, – ნათქვამია განცხადებაში.
ე.წ.კომიტეტის მტკიცებით, ე.წ.სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართველი პოლიციელებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის უკანონო ყოფნა, ასევე, ე.წ.სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ ახალი პუნქტების მოწყობის მცდელობები, სამხედრო რისკებს ზრდის, ასევე, კონფლიქტის ესკალაციის პოტენციურ საფრთხეს ქმნის.
აღინიშნება, რომ ვითარება მძიმდება იმითაც, რომ საქართველოს მხრიდან ადგილი აქვს აგრესიული საინფორმაციო გამონათქვამებს, ქმედებებსა და მოწოდებებს, რომლებიც მიმართულია სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისა და საქართველოს მოსაზღვრე დასახლებულ პუნქტებში მცხოვრებთა პროვოცირებისკენ.
“განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, რომელთა ამოცანაა დაძაბულობის დაწევა და სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის პირობების შექმნა, საქართველოს აგრესიული პოლიტიკის შეწინააღმდეგებისთვის საჭირო ზომებს არ ღებულობენ, ასევე, მონაწილეობენ ღონისძიებებში სახელმწიფო საზღვრის ზოლთან. მისიის აღნიშნული ქმედება საქართველოს პოლიტიკურ ელიტას მდგრად წარმოდგენას უქმნის საკუთარი დაუსჯელობის შესახებ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი საიმედოდ არის დაცული”, – ნათქვამია განცხადებაში.