ანრი ოხანაშვილი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში პირდაპირ წერია, რომ სწორედ სახელმწიფომ მოკლა “ციხის ბუნტის” დროს პატიმრები

“სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში პირდაპირ წერია, რომ სწორედ სახელმწიფომ მოკლა “ციხის ბუნტის” დროს პატიმრები”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები იუსტიციის მინისტრის მოადგილის, გოჩა ენუქიძის მოხსენებას ისმენენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების თაობაზე.

მისი თქმით, საზოგადოებას მაშინდელი ხელისუფლების მორალური პასუხისმგებლობა აინტერესებს.

„საინტერესოა, რას ეტყვიან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები “ციხის ბუნტის” საქმეზე იმ ადამიანებსა და მათ ოჯახებს, რომელთა საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა მე-2 მუხლის, კერძოდ, სიცოცხლის უფლების ნეგატიური ვალდებულების დარღვევა, რაც ნიშნავს იმას, რომ უშუალოდ სახელმწიფომ მოკლა პატიმრები.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში პირდაპირ წერია, რომ სწორედ სახელმწიფომ მოკლა “ციხის ბუნტის” დროს პატიმრები. საზოგადოებას აინტერესებს მაშინდელი ხელისუფლების მორალური პასუხისმგებლობა, მათი მორალური სახე, რა დამოკიდებულება აქვთ ამ საკითხისადმი. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ კვირაში, პლენარულ სხდომაზე ვიხილავთ მათ არაადეკვატურ, უპასუხისმგებლო, ცინიკურ განცხადებებსა და დამოკიდებულებას. ვფიქრობ, ჩვენ გვექნება პოლიტიკური დებატების შესაძლებლობა და მოვთხოვთ პასუხს იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც საზოგადოებას აინტერესებს”, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები