,,მაგნიტი’’ კრიზისული პერიოდის ღონისძიებებს აფასებს და თანამშრომლებს მადლობას უხდის
“მსოფლიოში ვირუსის (Covid-19) გავრცელებამ ცხოვრების სტილი შეცვალა. ცვლილებები შეეხო ყველას – მეგობარს, ახლობელს, ოჯახის წევრს თუ კოლეგას, კომპანიას, რომლის მომსახურებითაც ვსარგებლობთ თუ რომელიც ჩვენ გვასაქმებს”,- ამის შესახებ სუპერმარკეტების ქსელ “მაგნიტის” განცხადებაშია აღნიშნული.
,,მაგნიტი’’ კრიზისული პერიოდის ღონისძიებებს აფასებს და თანამშრომლებს მადლობას უხდის.
მაშინ, როცა ჯანდაცვის უწყებები ვირუსთან ერთად ცხოვრებას გვასწავლიან, თითოეული ადამიანი და ორგანიზაცია უკან იხედება და განვლილ ორ თვეს აფასებს. რთული ვითარება ყველას დაუდგა, თუმცა იქნებ ეს ის შემთხვევაა, როდესაც სიამაყის, თანადგომის და ერთსულოვნების განცდაა, რისთვისაც სიძნელეების გადალახვა ღირდა.
ამ ხნის განმავლობაში სასურსათო და საყოფაცხოვრებო ინდუსტრია ერთ-ერთი სტრატეგიული სფერო აღმოჩნდა. გამოიკვეთა არაერთი გამოწვევა, რომლის წინაშეც სუპერმარკეტების ქსელები აღმოჩნდნენ, ეს იყო მარაგები, პროდუქციის ფასების სტაბილურობა, თანამშრომლების-მომხმარებლების უსაფრთხოება და ა.შ.
“მაგნიტის’’ გენერალური დირექტორის მოადგილე ია ნადირაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე, კომპანიაში კრიზისული გეგმა შედგა.
,,ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე, კომპანიაში კრიზისული გეგმა შედგა და იმ წუთიდანვე გავაანალიზეთ, რომ შესაძლებლობის ფარგლებში, ხელისუფლებას და მოსახლეობას მაქსიმალურად უნდა დავდგომოდით გვერდში. შესაბამისად, მთელი ჩვენი რესურსი სოციალურ პასუხისმგებლობაზე გადავიტანეთ“, – აღნიშნავს ია ნადირაშვილი.
კომპანიის პირველი ნაბიჯი იყო #stopcov ფონდში ჩარიცხული თანხა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად შეიქმნა. პარალელურად, ,,მაგნიტი’’ სხვადასხვა კომპლექსურ აქტივობას ახორციელებდა. ქსელში დღემდე აქტიურად მიმდინარეობს ინტერიერ-ექსტერიერის სადეზინფექციო სამუშაოები და თანამშრომლების დამცავი საშუალებებით აღჭურვა. ყოველდღიურად ხდება პერსონალის თერმოსკრინინგი.
ფილიალებში რიგის მანიშნებლები და სადეზინფექციო ხსნარები განთავსდა, რათა მომხმარებელს დისტანციის დაცვა და პროდუქტის უსაფრთხოდ შეძენა გამარტივებოდა. კომპანიამ პროდუქტებითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით ორი სამედიცინო დაწესებულება მოამარაგა, ვახტანგ ბოჭორილიშვილის კლინიკა და ფილტვის დაავადებათა და ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრი, სადაც ჯამში 100-მდე პაციენტი გადიოდა დაკვირვებას და მკურნალობას.
„მაგნიტი“ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომუშავე ფერმერებს ქართული პროდუქციის რეალიზებაში ეხმარება – მარნეულის მუნიციპალიტეტში საგანგებო მდგომარეობის და რეგიონის საკარანტინო ზონად გამოცხადების გამო, ადგილობრივ მოსახლეობას სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაყიდვა გაუძნელდა. კომპანიამ კი პროდუქცია ადგილობრივი მოსახლეობისთვის მისაღებ ფასად შეიძინა.
ია ნადირაშვილის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობაზე კომპანიის გადაწყობა, გუნდისთვის ახალი გამოწვევა იყო, თუმცა გაანალიზებული ჰქონდათ, რომ პირველ რიგში თანამშრომლებზე უნდა ეზრუნათ. ამიტომ საგანგებო რეჟიმის (21 მარტიდან 21 აპრილამდე) განმავლობაში ,,მაგნიტის’’ ყველა ფილიალის თანამშრომელმა ხელფასი 20%-იანი ნამატით მიიღო, კომენდანტი საათის გამოცხადების შემდეგ კი კომპანიამ დასაქმებულების ტრანსპორტირება თავად უზრუნველყო.
ალბათ საზოგადოებამ გასული ორი თვის განმავლობაში ყველაზე მეტად დაინახა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს სოლიდარობას და მოქალაქეობრივ თვითშეგნებას. მოქალაქე კომპეტენტური ორგანიზაციების მიერ მოწოდებული წესების დაცვით უნდა შევიდეს მაღაზიაში, მოლარე-კონსულტანტიც იმავე წესების დაცვით უნდა მოემსახუროს, კომპანიამ თანამშრომელი უნდა დაიცვას, თვითონ კომპანიას კი სხვადასხვა უწყებების მხარდაჭერა სჭირდება. დღეს ის შემთხვევაა, როდესაც ჯაჭვი არ დაირღვა და ,,მაგნიტი’’ განვლილ ნაბიჯებს მადლიერებით და სიამაყით აფასებს.
ია ნადირაშვილის თქმით, რთულ პერიოდში დახმარება ბევრი უწყებიდან თუ მედიიდან იგრძნობოდა.
,,რთულ პერიოდში დახმარება ბევრი უწყებიდან თუ მედიიდან იგრძნობოდა, ეს გვაძლევდა იმის მოტივაციას, რომ მაქსიმალურად ბევრი გვემუშავა. მარაგების და ფასების კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან მომხმარებლების იმედები უნდა გაგვემართლებინა. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ,,მაგნიტში’’ ყველაზე მოთხოვნადი დაფასოებული პროდუქტები: მაკარონი, ბრინჯი, წიწიბურა, შაქარი, ზეთი და ფქვილი ფასნამატის გარეშე გაყიდულიყო. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკება მომწოდებლებთან, რათა ფასების ცვლილება ნაკლებად მტკივნეულად აისახოს საზოგადოებაზე“ – აცხადებს ია ნადირაშვილი.
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანიამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, რაც მოსახლეობას ყოველდღიურად სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტებზე 20%-იანი დანაზოგის გაკეთების საშუალებას აძლევს. ფასდაკლების დღეები ასე ნაწილდება: ორშაბათი – რძის პროდუქტები, სამშაბათი – ხორცპროდუქტები, ოთხშაბათი – გაყინული ნახევარფაბრიკატები, ხუთშაბათი – ყავა/ჩაი, პარასკევი – ქიმია-ჰიგიენის საშუალებები, შაბათი – ალკოჰოლური სასმელები, კვირა – უალკოჰოლო სასმელები.
მსოფლიოში შექმნილმა რთულმა მდგომარეობამ ურთიერთობები გადააფასა, გაერთიანდნენ ორგანიზაციები და საზოგადოება. ,,მაგნიტი’’ და ,,წითელი ჯვრის ორგანიზაცია’’ ხანდაზმულთა დახმარების პროგრამას ერთობლივად უწევდნენ ორგანიზებას. პროექტის ფარგლებში, „მაგნიტის“ მომხმარებლები ხანდაზმულებისთვის ,,ერთით მეტ’’ პროდუქტს ყიდულობდნენ, ადგილობრივ გამგეობას კი პროდუქცია მოხუცებისთვის სახლში მიჰქონდა. ,,მაგნიტი’’ პროცესში ჩართულ ყველა უწყებას – თითოეულ ორგანიზაციას და მოქალაქეს მადლობას უხდის, განსაკუთრებით, კი საკუთარ თანამშრომლებს, რომლებმაც თავდაუზოგავი შრომა გასწიეს: გმირები ყოველთვის ჯადოსნურ მოსასხამს არ ატარებენ, ისინი შეიძლება ნებისმიერი ადამიანის, მათ შორის მაღაზიის თითოეული პერსონალის სახით იყვნენ წარმოდგენილი. გვსურს, ,,მაგნიტის’’ 213 ფილიალის 4500-ზე მეტ თანამშრომელს, კიდევ ერთხელ გადავუხადოთ მადლობა შრომისა და გვერდში დგომისთვის.
R