პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი: ინვესტიციები შემცირდება, ტურიზმი განულდება

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2020 წლის მეორე კვარტალში ტურიზმის მოცულობა თითქმის განულდება და მკვეთრად შემცირდება კერძო ინვესტიციები.

ოფისი, მომსახურებით ვაჭრობის მკვეთრი კლების პარალელურად, საქონლით ვაჭრობის მკვეთრ კლებას ელოდება.

“მოსალოდნელია, რომ მნიშვნელოვნად შემცირდება საქონლის იმპორტის რაოდენობაც, ამას თან ერთვის ნავთობის ფასების შემცირებით გამოწვეული ფასისმიერი კლების ეფექტიც ენერგომატარებლების იმპორტზე. მსოფლიოში მიმდინარე ანალოგიური მოვლენებიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ შემცირდება ექსპორტზე მოთხოვნა და, შესაბამისად, შემცირდება ექსპორტის მოცულობაც. აღნიშნული დაშვებების რაოდენობრივი შეფასების შედეგად, მოსალოდნელია, რომ იმპორტის მოცულობა უფრო მეტად შემცირდება, ვიდრე – ექსპორტი და წმინდა ექსპორტის კომპონენტი +4.1%-ული პუნქტით განსაზღვრავს ეკონომიკური აქტივობის ცვლილებას, ხოლო აბსორბციის (მოხმარების და ინვესტიციების ჯამი) კომპონენტი მნიშვნელოვნად შემცირდება (განსაკუთრებით, კერძო ინვესტიციების შემცირების გამო) და მშპ-ს ცვლილებას -14.8 %-ული პუნქტით განაპირობებს”, – აღნიშნულია საბიუჯეტო ოფისის პროგნოზში.

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის განმარტებით, მშპ-ის მოსალოდნელი კლება განპირობებულია COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული როგორც მოთხოვნის, ისე, მიწოდების შოკებისაგან, რის გამოც ოფისი მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ეკონომიკური ზრდის 10.7%-იან კლებას პროგნოზირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები