თინა ხიდაშელი თამარ ჩერგოლეიშვილს პასუხობს
“ტაბულას“ რედაქტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა თინა ხიდაშელის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ “მაჰმადიანი მესხების” რეპატრიაციისათვის ყოფილ ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია, ენით აუწერელი თავხედობა უწოდა. “ახლა ვუსმინე თინა ხიდაშელის კომენტარს 40-იან წლებში სტალინური რეპრესიების შედეგად დეპორტირებულ პირებზე (რომელსაც არაპოლიტკორექტულად მაჰმადიან მესხებს უწოდებს). კომენტარის შინაარსი ასეთი იყო: ევროპის საბჭოს მომხსენებლები დაინტერესდნენ “მაჰმადიანი მესხების” რეპატრიაციის შესახებ კანონის აღსრულებით, რადგან ამ კუთხით საქართველოს წინა ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია. ეს არის ენით აუწერელი თავხედობა და ავხსნი რატომ:
1. რეპატრიაციის შესახებ კანონის მიღება საქართველომ ვალდებულებად იკისრა ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას -1999 წელს. შევარდნაძის ხელისუფლებამ ეს ვალდებულება არ შეასრულა.
2. რეპატრიაციის შესახებ კანონი მიიღო სააკაშვილის ხელისუფლებამ.
3. თავად წელიწადნახევარია ხელისუფლებაში არიან – ჩამოთვალოს ხიდაშელმა, რა გაკეთდა ამ მიმართულებით.
4. როდესაც ამ კანონს იღებდნენ, თინა ხიდაშელის ამჟამინდელი თანაგუნდელები, ბეჟან გუნავა, ძვიად ძიძიგური, შემდეგ საძაგლობებს ამბობდნენ (თავად „რესპუბლიკელებს“ ჯანსაღი პოზიცია ჰქონდათ, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ხიდაშელისთვის ბეჟან გუნავას ჩახუტებოდა): “ოპოზიციონერი დეპუტატი კონსერვატიული პარტიიდან ბეჟან გუნავა ეთნიკური შუღლის გაღვივებაში დაადანაშაულეს მას შემდეგ, რაც მან 21 ივნისს მაჰმადიან მესხებზე უარყოფითად ისაუბრა.
”ეს ადამიანები ხოცავდნენ მექორწილეებს და მარხავდნენ, ეს ადამიანები ხოცავდნენ აკვნებში ჩვილ ბავშვებს, ეს ადამიანები დევნიდნენ სოფელს და სოფელი გარბოდა და ტყეში იყო შეხიზნული და ერთმა სოფელმა სამჯერ გამოიცვალა ადგილმდებარეობა, ეს ადამიანები, როდესაც წყალს სვამდნენ, მაშინ ამბობდნენ, რომ ნეტავ ასე ქართველების სისხლი დაგვალევინაო. და დღეს თქვენ მეუბნებით და მიმტკიცებთ, რომ ეს ადამიანები არიან ქართველები?” – მიმართა გუნავამ დეპუტატებს საკომიტეტო მოსმენაზე 21 ივნისს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს იმ კანონპროექტს იხილავდა, რომელიც მომავალი წლიდან მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის დაწყებას ითვალისწინებს. ”ამგვარი განცხადების გაკეთება ეთნიკური შუღლის გაღვივება და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა,” – განაცხადა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ „ნაციონალური მოძრაობიდან“. ”ეს ისტერია [„კონსერვატიული პარტიის“] არის, საუკეთესო შემთხვევაში, უცოდინარობა და პოლიტიკური უვიცობა, ხოლო უარეს შემთხვევაში, მიზანმიმართული პროვოკაცია,” – დასძინა მან”, – წერს ჩერგოლეიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გიგა ბოკერიას მეუღლეს ფეისბუქის პირად გვერდზე გამოეხმაურა და განმარტება გააკეთა.
“ახლა მითხრეს ამის შესახებ და უკომენტაროდ ვერ დავტოვებ:
1. მაჰმადიანი მესხები ძალიან პოლიტ კორექტულია. თურქი მესხი არის აბსურდი და არა პოლიტკორექტული
2. მე თურმე ენით აუწერელი თავხედობა იმიტომ ვთქვი, რომ 1999 წლის შემდეგ 2007 წელს რომ კანონი მიიღო სააკაშვილის ხელისუფლებამ, ეს არის თურმე პასუხი და მათი გაკეთებული საქმე. ოღონდ იქვე კითხულობს, თქვენ რა გააკეთეთ, რაც ხელისუფლებაში ხართო. თუ კანონის მიღება საკმარისია, ეს კანონი მიღებულია და რაღა უნდა გაგვეკეთებინა მეტი, მისი ლოგიკა ჩემი ლოგიკა 1. კანონი მიიღეს, რომელიც გამოშიგნეს და არაფრად აქციეს. ამაზე მე მაშინ ოპოზიციაში მყოფმა გავაკრიტიკე და არ მომრიდებია თემის არაპოპულარობის 2. კანონი რომ არ არის საკმარისი, ამას კითხულობს ჩემგან ქალბატონი ჩერგოლეიშვილი და ამას ვედავები მეც მათ.
3. რეალურად ათასობით მომმართველიდან მხოლოდ 7 ადამიანს რომ აქვს მოქალაქეობა, სხვა ამბებს აღარ მოვყვები, ამას ვედავები მათ
4. ამ შვიდის მოქალაქეობის მიღებასაც 2007 წლიდან 4-5 წელი დასჭირდა
5. ისე, 1999 წლიდან სულ სააკაშვილი იყო ხელისუფლებაში და, შესაბამისად, სწორედ იმ დღიდან ვუთვლი, და არა 2004-იდან. და 2004 – იდანაც 3 წელი დასჭირდათ მარტო კანონის მიღებისათვის 6. ჩვენ თუ რამე ვერ გავაკეთეთ, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ მადლობა უნდა გითხრათ რამეზე. და ეს რამე ძალიან ბევრწლიანი არაფრის კეთებაა“,- აღნიშნა ხიდაშელმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში.