ილია ნაკაშიძე: ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს შეზღუდვები აუცილებელია

“ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს შეზღუდვები აუცილებელია”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ილია ნაკაშიძემ პლენარულ სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების განხილვისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლი პირდაპირ ავალდებულებს სახელმწიფოს, დაიცვას საზოგადოების ჯანმრთელობა.

„ამ კანონპროექტის მიზანი, პირველ ყოვლისა, ისაა, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ საგანგებო მდგომარეობა, აღვადგინოთ პოლიტიკური თავისუფლება საქართველოში, მინიმალური ზარალი მივაყენოთ ეკონომიკას და მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა. და, სხვათა შორის, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს შეზღუდვები აუცილებელია”, – განაცხადა ილია ნაკაშიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, კანონში შესატანი ცვლილებები ჩვეულებრივი დაზუსტებაა, რაც ნიშნავს სუბიექტური კომპონენტის მინიმალიზაციას.

„რაც შეეხება იმას, ვინ უნდა შეასრულოს ტექნიკურად ეს ცვლილები. პირველ ყოვლისა, ესენი არიან ჩვენი კოლეგები დაავადებათა კონტროლიდან, რომლებიც პროფესიულად უდგებიან ამ საკითხს. ჩვენ დავიწყებული გვქონდა, რომ ეპიდემიოლოგია და ინფექციური სნეულებები საგანია, რაც შეგვახსენა ამ ეპიდემიამ”, – აღნიშნა ილია ნაკაშიძემ.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები