იმერეთში კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირი კარანტინში გადაიყვანეს
ხარაგაულის სოფელ მაქათუბნის მკვიდრი, რომელსაც კონტაქტი დღეს გამოვლენილ კოვიდინფიცირებულთან ჰქონდა, კარანტინში გადაიყვანეს. მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ჯერჯერობით, არ აღენიშნება.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, შმაგი ხიჯაკაძის ინფორმაციით, აღნიშნული პირის ყველა კონტაქტი დადგენილია.
“დადგენილია ყველა კონტაქტი. შესაბამისად, 12 პირი თვითიზოლაციის პირობებში გადავიდა და ისინი ეპიდემიოლოგების მიერ მუდმივ კონტროლში იქნებიან”, – განაცხადა ხიჯაკაძემ.
არსებული ინფორმაციით, სოფელ მაქათუბნის მაცხოვრებელი 19 მაისს თბილისიდან სოფელში იმ პირთან ერთად მგზავრობდა, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ცნობისთვის, იმერეთის მასშტაბით, ამ დროისთვის, კორონავირუსის დიაგნოზით სამი პაციენტი მკურნალობს. სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.