თამარ იოსელიანმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) სამდივნოს წარმომადგენლებს Covid-19-თან ბრძოლის ქართული გამოცდილება გააცნო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ იოსელიანმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) სამდივნოს წარმომადგენლებთან ონლაინშეხვედრა გამართა, რომლის დროსაც საქართველოს საზღვაო სექტორში პანდემიის საპასუხოდ მიღებული რეგულაციები და ახლო მომავალში გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს.
როგორც “კვირას” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, IMO-ს სამდივნოს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს მიერ კრიზისის საპასუხოდ გადადგმულ ნაბიჯებს და მადლობა გადაუხადეს საქართველოს ხელისუფლებას მეზღვაურთა რეპატრიაციასა და როტაციის პროცესების უპრეცენდენტო მხარდაჭერისთვის.
“შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მეზღვაურთა საწვრთნელი ცენტრების გახსნისა და პრაქტიკული წვრთნის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ასეთ ცენტრებში IMO კურსების თეორიული ნაწილის ჩატარება დისტანციური სწავლის რეჟიმით ხორციელდება.
აღინიშნა, რომ საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო დროული და თანმიმდევრული ზომების გატარება მეზღვაურთა მხარდასაჭერად. კერძოდ, მარტის დასაწყისშივე იქნა მიღებულ გადაწყვეტილება გემზე მყოფი მეზღვაურების დოკუმენტაციის ვადის გაგრძელებასთან დკავშირებით. გარდა ამისა, არსებული მდგომარეობის შეფასების შემდეგ ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატების გარეშე დარჩენის პრევენციის მიზნით დამატებითი რეგულაციები შემუშავდა. ითქვა, რომ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კერძო სექტორთან ერთად აქტიურად მუშაობს მეზღვაურების რეპატრიაციისა და როტაციის მიმართულებით. კერძოდ, ინდივიდურად მოხდა ათეულობით მეზღვაურის ქეისის შესწავლა და სააგენტოს უშუალო მონაწილეობით 200-ზე მეტი მეზღვაურის როტაცია განხორციელდა”, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობდა IMO-ს საგარეო ურთიერთობისა და სამართლებრივი სამმართველოს დირექტორი – ადმირალი ფრედერიკ კინი, IMO-ს საზღვაო უსაფრთხოების სამმართველოს დირექტორი – ჰაიკე დეგიმი, სხვა მნიშვნელოვანი სტრუქტურის ხელმძღვანლები და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი IMO-ში, თამარ ბერუჩაშვილი.