გასულ წელს საქართველოში კარტოფილის მოსავალმა 206 ათას ტონას გადააჭარბა. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ეს რაოდენობა სრულიად საკმარისია ადგილობრივი მოთხოვნის 80 %-ით დასაკმაყოფილებლად და იმპორტის წილი 20 %-ს არ აღემატება. საქართველოში კარტოფილის წარმოების დიდი წილი სამცხე–ჯავახეთის რეგიონზე მოდის და ქვეყნის მთლიან წარმოებაში 64%-ს შეადგენს. ის მოჰყავთ აჭარაში, ქვემო ქართლში, სვანეთსა და, ნაწილობრივ, კახეთშიც.
საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში კარტოფილს თესავენ, საშუალოდ, 3-5 ჰექტარზე, აჭარაში – 0.1-0.2 ჰექტარზე, ქვემო ქართლში – 2 ჰექტარზე, სვანეთში – 1 ჰექტარზე, ლეჩხუმში – 0.5 ჰექტარზე, კახეთში – 0.1-0.2 ჰექტარზე. ამ ეტაპზე აქტიურ მოხმარებაშია კარტოფილის, დაახლოებით, 50-მდე ჯიში, ესენია: ჯელი, ევროპლანტი, პიკასო, მარფონა, აგრია,მარფონა, იმპალა, კოლლეტე, რედფანტაზი, კარდინალი, დეზირე და სხვ. სათესლე, ანუ სარგავ მასალას ირჩევენ მოსავლიანობის მიხედვით და, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, შედარებით ნაკლები ყურადღება ექცევა, რამდენად გამძლეა ესა თუ ის ჯიში ამა თუ იმ დაავადებათა მიმართ. ახალციხის რაიონში 2 ჰექტარზე აქვს დათესილი კარტოფილი უკვე გამოცდილ ფერმერს, გურამ ჭინჭველაძეს. როგორც ის გვეუბნება, მეკარტოფილეობა შემოსავლიანი საქმეა, თუმცა არა იმდენად, რომ გამოუცდელმა ფერმერმა გარისკოს და დიდი მოგების იმედად დიდ ფართობებს შეეჭიდოს.
ვთქვათ, ყოველგვარი გამოცდილების გარეშე გადავწყვიტე ფერმერობა და კარტოფილის მოყვანა. რა იქნება ოპტიმალური ვარიანტი, რა ფართობი უნდა დავამუშაო და რა თანხა დამჭირდება ამისათვის?
მაქსიმუმ – ერთი ჰექტარი. ესეც ბევრია გამოუცდელი ფერმერისათვის. რაც შეეხება ფინანსებს – გააჩნია, რომელ სათესლე მასალას აირჩევ და რომელ რეგიონში აპირებ საქმიანობას. აქედან გამომდინარე, 8-15 ათასი ლარი დაგჭირდება.
ამ თანხაში ყველა ხარჯი იგულისხმება, იქნება ეს საწვავი, სათესლე მასალა და დამხმარე მუშა ხელი?
დიახ, აქ გულისხმება ყველა ხარჯი შემოდგომიდან შემოდგომამდე.
მოსავალი ავიღე, რა შემოსავალს უნდა ველოდო?
მოსავლიანობის საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებელს თუ გავითვალისწინებთ, არც თუ სახარბიელო რიცხვს მივიღებთ. მოკლედ, გააჩნია მოსავალს. მაგალითად, თუ მოსავალი 30 ტონა იქნება, მოგება, სადღაც, 10 ათასი ლარი იქნება.
მოსავლის რეალიზაცია როგორ ხდება. „ოპტოვშიკები“ გყავთ თუ მცირე პარტიებად ჰყიდით. სუპერმარკეტებთან ან მსხვილ კვების ობიექტებთან თანამშრომლობთ?
ძირითადად, „ოპტოვშიკები“, მოვაჭრეები მოდიან.
თქვენს რეგიონში რომელ ჯიშებს ანიჭებთ უპირატესობას, რომელი უფრო მოსავლიანია?
ყველაზე პოპულარულია ჯელი, არიზონა, მარფონა. უხვმოსავლიანობით ყველას არიზონა ჯობნის. მე რაც მინახავს, ჰექტარზე 80 ტონაც აუღიათ.
ადგილზე კილოგრამს როგორ ჰყიდით?
ამას ბაზარი არეგულირებს. ყოფილა, 40 თეთრად გაგვიყიდია, ხანაც – ლარად.
სარწყავია მიწა თუ ურწყავი, ამას მნიშვნელობა ააქვს?
კი, რა თქმა უნდა. სარწყავ პირობებში ღებულობენ 35-30 ტონა კარტოფილს ერთ ჰექტარზე, იმ მიწებზე, სადაც სარწყავი წყლის პრობლემაა, მოჰყავთ 12-15 ტონა.
რომელ სასუქებს იყენებთ?
კარტოფილის მოსაყვანად, ძირითადად, გამოიყენება აზოტიანი სასუქი, რომელსაც ამზადებს რუსთავის აზოტის ქარხანა. საქართველოს მიწები კალიუმით მდიდარია, ამიტომ სასუქები ნაკლებად მოიხმარება, მცირე რაოდენობით მოიხმარენ ფოსფორიან და რთულ სასუქებს, რაც შემოდის რუსეთიდან აზერბაიჯანის გავლით და თურქეთიდან. ორგანული სასუქები ადგილზე იწარმოება ფერმის დონეზე.
კარტოფილის დაავადებები ხშირია?
ყველაზე დიდი საფრთხეებია ვირუსის გადამტანი მწერები, კარტოფილის ჩრჩილი, კოლორადოს ხოჭო. ასევე, ორ ადგილზეა აღმოჩენილი კარტოფილის კიბო: აჭარასა და სვანეთში, რაც გამოწვეულია აგროტექნიკური თავისებურებებითა და დაავადებული თესლით.