თამარ ტალიაშვილი: StopCov-ის ფონდში თანხის ჩარიცხვა ჩემთვის ბუნებრივი ნაბიჯი იყო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი და ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი, თამარ ტალიაშვილი ერთ-ერთი იყო იმ ადამიანთაგან, ვინც კრიზისულ სიტუაციაში შექმნილ stopCov-ის ფონდში სოლიდური შემოწირულობა გააკეთა. ამის პარალელურად, მონაწილე გახლდათ დედაქალაქში მუნიციპალური სოლიდარობის აქციების განხორციელებისა, რომლის ფარგლებშიც თბილისში უმწეო მოხუცებისა და შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახების საკვები პროდუქტებით მომარაგება ხდება. ამ და სხვა საკითხებზე „კვირას“ თამარ ტალიაშვილი ესაუბრა:

– მსოფლიოში გავრცელებული COVID19-ის პარალელურად, საქართველოში უამრავი სოციალური აქცია დაიგეგმა და განხორციელდა, მათ შორის, შეიქმნა stopCov-ის ფონდი, სადაც მთავრობის წარმომადგენლების მსგავსად, თქვენც შეიტანეთ თქვენი წვლილი და გადარიცხეთ თანხა (10 ათასი ლარი), მოგვიყევით ამ გადაწყვეტილების შესახებ.

-პანდემიის დაწყების მომენტიდან დღემდე მართლაც ძალიან საპასუხისმგებლო სოციალური აქციები განვახორციელეთ. ჩემს საქმეში ყველაზე მნიშვნელოვნად მოქალაქეებთან მჭიდრო კავშირსა და მათ მაქსიმალურ დახმარებას მივიჩნევ. საჯარო სამსახურში სახელფასო დანამატს სისტემატიურად ამა თუ იმ საქველმოქმედო მიზნებს ვახმარდი,  ასე რომ, StopCov-ის  ფონდში თანხის ჩარიცხვა ჩემთვის ბუნებრივი ნაბიჯი იყო. საერთოდაც, სწორედ ქართველი მოღვაწე, ბიძინა ივანიშვილი აძლევს საზოგადოებას მსოფლიოს მასშტაბით სოლიდარობისა და ქველმოქმედების მაგალითს.

– COVID19 თან დაკავშირებთ თბილისში მუნიციპალური სოლიდარობის აქციები მიმდინარეობს. თქვენ ზღვისუბნის მაჟორიტარი ბრძანდებით, გვიამბეთ ამ კამპანიის შესახებ, ვის ეხება ეს აქციები?    

-დედაქალაქის მერიისა და საკრებულოს მიერ ნობათებით ყველაზე მოწყვლადი ოჯახებისა და მარტოხელა მოხუცების უზრუნველყოფის მასობრივი აქცია გამორჩეული გახლავთ ევროპის მასშტაბით. სოლიდარობის ეს აქცია კერძო სექტორთან თანამშრომლობით ხორციელდება, რაც ხელისუფლებისადმი მათ მაღალ ნდობასაც გულისხმობს. სწორედ ასეთმა დამოკიდებულებამ მომცა საშუალება, ჩემს სამაჟორიტარო ოლქში, ზღვისუბანში მოსახლეობას დამატებით საკვები ვაუჩერებით დავხმარებოდი.

როგორც იცით, ევროსაბჭოს რეგიონთა კონგრესის ვიცეპრეზიდენტი გახლავართ და მჭიდრო კომუნიკაცია მაქვს ჩემს ევროპელ კოლეგებთან. ისინი სასიამოვნოდ გაოცებულნი არიან პოსტსაბჭოთა სივრცეში, გლობალურ გამოწვევაზე ამ პატარა ქვეყნის ასეთი მობილიზებული რეაგირებით.

– საქართველომ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიო მასშტაბის აღიარება მოიპოვა. როგორ ფიქრობთ, როგორ მოახერხა უხილავ მტერთან ეფექტური ბრძოლა საქართველოს მთავრობამ და როგორ ხედავთ ამ ბრძოლაში სამომავლო ნაბიჯებს?                                                                                                                   

-ვფიქრობ, რომ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში საქართველო ასე რომ დაუხვდა ამ გიგანტურ პრობლემას, არის ხალხისა და ხალხის რჩეული ხელისუფლების დამსახურება. ეს არის ცალსახა და ძალიან მნიშვნელოვანი. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ ამ ვირუსთან საბოლოო გამკლავებას და იმაშიც ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი მომავალი თაობები ამ ურთულეს, მაგრამ გმირულ მომენტს გაკვეთილად შეაფასებენ და  თავიანთი წინაპრებით იამაყებენ.

საამაყოა ამ უხილავ, ვერაგ მტერთან დახვედრის სუპერეფექტიანობა და ის უდიდესი შრომა, რომელიც ქართველ ხალხთან ერთად მმართველმა გუნდმა 2012 წლიდან მოყოლებული დღიდან დღემდე, თვიდან-თვემდე განუხრელი, გეგმაზომიერი, სტრატეგიულად სწორი რეფორმების გატარების სახით გაატარა. 2012 წლამდე სახელმწიფო მართვის კონცეფცია ეფუძნებოდა მოსაზრებას, რომ ავადმყოფი მოქალაქის მკურნალობაში თანხის გადახდა შავ ხვრელში ფულის ჩაყრაა, სოფლის მეურნეობა გარდასულ დღეთა გადმონაშთია, სასურსათე, სატრანსპორტო, საწარმოო ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლი საბაზრო ეკონომიკისათვის მიუღებელი ის, რომ პროფესიონალების და საერთოდაც განსხვავებული აზრი მოსმენა მხოლოდ სატუსაღოშია შესაძლებელი, ხოლო სოციალური პოლიტიკა რეგრესი და ძალოვანი სისტემის ჰუმანურობა  სისუსტეა. ამ და სხვა პოზიციებმა  წლების მანძილზე განძარცვა სახელმწიფო სისტემა ადამიანის კეთილდღეობის, ჯანმრთელობისა თუ სხვა ფუნდამენტური უფლებების დამცავი ფუნქციისაგან.

2012 წლიდან „ქართული ოცნების“ გუნდმა ყველა ამ მიმართულების 360 გრადუსით შემოტრიალება და ქართველი ადამიანის სამსახურში ჩაყენება დავიწყეთ. კრიტიკულ მომენტში  რეფორმირებული სოციალურ-ეკონომიკური, ადგილობრივი თვითმმართველობის, სამართალდამცავი და ჯანდაცვითი სისტემის საფუძველზე უაღრესად მობილიზებული, ძლიერი, გონიერი გუნდი დახვდა პანდემიას, გიორგი გახარიას, კახა კალაძისა და საერთოდ „ქართული ოცნების“ მენეჯმენტის სახით. აქვე აუცილებლად ვიტყვი, რომ ამავე ხარისხის მობილიზებული და გეგმაზომიერი ნაბიჯებით უნდა ვიაროთ ახლო მომავალშიც, მოდუნების ფუფუნება არც ხალხს და არც ხელისუფლებას არ გაგვაჩნია, საქმე გვაქვს ვერაგ და უხილავ მტერთან.

ესაუბრა ნეტო ბენდელიანი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები