გიგი უგულავა: ცვლილებების ეპოქა იწყება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, ახლა ქვეყანა ისტორიულ მომენტში იმყოფება, ამიტომ როგორც მან განაცხადა, ცვლილებების ეპოქა იწყება.
„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო მომდევნო 10 წელიწადში შედის სრულიად ახალ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენ 30 წელიწადი როგორც ვიცხოვრეთ, პოლიტიკური ცხოვრება და შესაბამისად, საზოგადოებრივი ცხოვრება ასეთი აღარ იქნება.
​იქნება მრავალპარტიული სისტემა და ჩვენი პოლიტიკური თაობის ამოცანა ზუსტად არის, რომ ამ სისტემამ იმუშაოს და ამ სისტემამ სიკეთე, გამდიდრება, კეთილდღეობა და უსაფრთხოება მოუტანოს ჩვენს მოქალაქეებს. ეს გარანტირებული არ არის, აგერ ხედავთ, მაჟორიტარები იმუქრებიან, რომ 10 წელი გავა და ისევ მაჟორიტარებს დაუბრუნდებითო, თუ იქნება ქაოსი და კორუფცია, ბუნებრივია, გაიზრდება მოთხოვნილება ისევ „ძლიერ ხელზე“. ჩვენ ძალიან ისტორიულ მომენტში ვიმყოფებით, მიუხედავად იმისა, რომ სრულად პროპორციულზე ვერ გადავედით, არსებითად, მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში გადავალთ პროპორციულ სისტემაზე, რაც ნიშნავს რეალურ მრავალპარტიულობას, რაც ნიშნავს დაპირისპირებულების შეთანხმებას, რაც გამორიცხავს ერთმანეთში თავში აგურის ჩარტყმას, გამორიცხავს პოლიტიკურ ძალადობას პოლიტიკურ ოპონენტებზე და გამორიცხავს სასამართლოს შენი ნება-სურვილით გამოყენებას. ამიტომ, დიდი ტრანსფორმაციების ეპოქა იწყება, დიდი ცვლილებების ეპოქა იწყება“, – განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, გუშინ, 15 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები