საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა.
ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
“მივიღე გადაწყვეტილება, გამოვცე უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების აქტი. სანამ მათი შეწყალება ძალაში შევა, მინდა მივმართო საზოგადოებას, რომლისთვისაც დღევანდელი ჩემი გადაწყვეტილება იოლად გასაგები არ იქნება და შესაძლოა, ვერც მაპატიოს“,-განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი “სხვისი თხოვნით, ზეწოლით ან რეკომენდაციით” არ შეუწყალებია.
“არავის, არც მანამდე და არც ახლა არ ვიწყალებ სხვისი თხოვნით, კარნახით, ზეწოლით, მუქარით, რეკომენდაციით, შიშით თუ კიდევ რამით და ეს უკვე არაერთხელ დავამტკიცე. პრეზიდენტის ამ ექსკლუზიურ უფლებამოსილებაზე არავინ “უნდა-თი” არ უნდა საუბრობდეს, მითუმეტეს, არ ვიწყალებ ჩემს გარეშე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, რომელშიც არც მონაწილეობა მიმიღია და არც ინფორმირებული ვყოფილვარ. თუმცა, არაერთხელ შევთავაზე მხარეებს საპრეზიდენტო პლაფტორმის გამოყენება. მიმაჩნია, რომ პოლიტიკური შეცდომაა დამნაშავეების ბედი პირდაპირ თუ ირიბად, თუნდაც განიხილებოდეს საკონსტიტუციო თუ საარჩევნო შეთანხმების ფარგლებში”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.