„სავაჭრო მოლებში ახალი უსაფრთხოების სტანდარების დანერგვისთვის რამდენიმე დღე საკმარისია“

ბიზნესომბუდსმენის აპარატი და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარატამენტი კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებზე ბიზნესთან სექტორულ შეხვედრებს აგრძელებენ. ინფორმაციას ბიზნესომბუდსმენის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, დღეს ბიზნესომბუდსმენმა, მიხეილ დაუშვილმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ დიდი მოლების წარმომადგენლებთან სავაჭრო ცენტრების გახსნასთან დაკავშირებული კორონავირუსის გავრცელების პრევენციული რეკომენდაციები განიხილეს.

შეხვედრას „თბილისი მოლის“, „ისთ ფოინთის“, „სითი მოლისა“ და „თბილისი გალერიას“ ხელმძღვანლები ესწრებოდნენ.

პრესსამსახურის ცნობით, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ წარმოდგენილ რეგულაციებში დარგის სპეციფიკა გათვალისწინებულია და სავაჭრო ცენტრებში ახალი უსაფრთხოების სტანდარების დანერგვისთვის რამდენიმე დღე საკმარისია.

„ვაგრძელებთ სექტორულ შეხვედრებს ბიზნესთან. დღეს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა თბილისის მსხვილი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებთან. განვიხილეთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სავაჭრო ცენტრებისთვის შემუშავებული სტანდარტები, რომელთა შესრულებაც ობიექტების გახსნისთვის სავალდებულოა. ბიზნესის შენიშვნები შემუშავებულ რეგულაციებში გათვალისწინებულია და რეგულაციების არსებით ნაწილზე შეთანხმება შედგა. ასევე, შევთანხმდით სავაჭრო ცენტრებში ახალი ეპიდემიოლოგიური სტანდარტების დანერგვის ვადებზე და იმედი გვაქვს, რომ დროულად მოხერხდება აღნიშნული სექტორის გახსნა”, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

საქართველოს მთავრობის შეზღუდვების მოხსნისა და ეკონომიკის ამოქმედების გეგმის მიხედვით, სავაჭრო მოლების გახსნა მეოთხე ეტაპზეა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები