დავით ზალკალიანი: აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დასკვნა საქართველოს ევროინტეგრაციულ მიზნებს ადასტურებს

“აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დასკვნა ადასტურებს როგორც პარტნიორობის სტრატეგიულ მნიშვნელობას ევროკავშირისთვის, ასევე, საქართველოს ევროინტეგრაციულ მიზნებს”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით მიღებული დასკვნითი დოკუმენტის შეფასებისას განაცხადა.

დავით ზალკალიანის თქმით, დოკუმენტში ასახულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა საქართველოს ევროპული მისწრაფება და ევროპული არჩევანი.

„ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ეს დოკუმენტი დაედება საფუძვლად აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტს. ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვიმუშავეთ პარტნიორებთან იმისთვის, რომ ყველა ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულება ასახულიყო აღნიშნულ დოკუმენტში“, – აღნიშნავს ზალკალიანი.

მინისტრის თქმით, დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია სატრანსპორტო და ენერგეტიკული კავშირების გაღრმავების აუცილებლობა, რაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს შავი ზღვა და შავი ზღვის რეგიონი.

„რაც ყველაზე მთავარია, დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისთვის და ჩვენ ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე მიღებული საბოლოო დეკლარაცია იქნება ყოვლისმომცველი და დაფარავს ჩვენთვის მნიშვნელოვან ყველა ძირითად მიმართულებას“, – განაცხადა ზალკალიანმა.

2020 წლის 11 მაისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ (Foreign Affairs Council- FAC) მიიღო დასკვნითი დოკუმენტი აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით, რომელიც შეფასებას აძლევს აღმოსავლეთ პარტნიორობას, როგორც ევროკავშირის სტრატეგიულ პოლიტიკას აღმოსავლელ მეზობლებთან მიმართებით და სახავს მათთან სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებს. დოკუმენტი ადასტურებს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი და ხაზს უსვამს მის სტრატეგიულ მნიშვნელობას. აღნიშნული დასკვნითი დოკუმენტი მოიცავს საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი წევრი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის, საქართველოსა და სხვა ასოცირებული პარტნიორების ევროპული მისწრაფებებისა და ევროპული არჩევანის აღიარებას და ევროკავშირის მხრიდან პარტნიორობის წევრი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები