ემუქრება თუ არა საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღს საფრთხე – ლადო ბოჟაძის განმარტება

ემუქრება თუ არა საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღს საფრთხე? – ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას საარჩევნო საკითხების სპეციალისტმა, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ლადო ბოჟაძემ გააკეთა.

„რაც შეეხება იმას, გადაიდება თუ არა არჩევნები – პირველი, უნდა ითქვას, რომ 31 ოქტომბერს არჩევნების ჩატარების თარიღს არანაირი საფრთხე ემუქრება. ჯერ ერთი, კონსტიტუციაში პირდაპირ წერია კონკრეტული დღე. სრულიად წარმოუდგენელია ამ თარიღის გადადება. ერთადერთი მიზეზი შეიძლება, იყოს ის, რომ უშუალოდ 31 ოქტომბერს არსებობდეს საგანგებო მდგომაროება, ან იცით, რომ 60 დღით ადრე უნდა დაინიშნოს არჩევნები და პირველ სექტემბერს ასევე ქვეყანაში უნდა იყოს საგანგებო მდგომარეობა, რომ პრეზიდენტს აღარ ჰქონდეს საშუალება, ოფიციალურად გამოაცხადოს. უნდა ვთქვათ, რომ არც პრეზიდენტზე და არც სხვა ინსტიტუციაზე არაა დამოკიდებული თარიღი, ის პირდაპირ გასაზღვრულია კონსტიტუციურად – კონკრეტული დღეც კი. აქედან გამომდინარე, სპეკულაციები ამ თემაზე არის სრულიად უადგილო და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

რაც შეეხება საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს: იცით, რომ, 11 მარტის მდგომარეობით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე რეგისტირებულია. 17 მარტს საერთო- სახალხო განხილვების საორგანიზაციო კომისია შეიქმნა, რომელმაც მუშაობა დაიწყო და იმის გამო გაჩერდა, რომ 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 22 მაისიდან კომისია გააგრძელებს საერთო-სახალხო განხილვებს, 17 ივლისისთვის იქნება ის პერიოდი, როცა უკვე შესაძლებელი იქნება, პროცესი გადავიდეს პარლამენტში, საკომიტეტო განხილვებს და მერე უკვე პლენარულ სხდომაზე ამ საკითხის გატანას ვგულისხმობ. სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე შესაძლებელია, სამივე მოსმენა ვერ მოესწროს, მაგრამ ასევე რეგლამენტით განსაზღვულია საგანგებო სესიის მოწვევა.

ჩემი აზრით, 15-20 ივლისი არის მაქსიმალური თარიღი, როცა საქართველოს კონსტიტუციაში, საარჩევნო კოდექსში ყველა შესაბამისი ცვლილება იქნება ასახული, ბუნებრივია, თუ პრობლემები არ შეუქმნა იმ პოლიტიკურმა დისკუსიამ, რაც დღეს მოვისმინეთ“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ „კვირასთან“ საუბრისას.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები