ლადო ბოჟაძე: თუ ახლა „ქართული ოცნება“ შეეცდება, კონკრეტული პატიმრების გასათავისუფლებად უკანონოდ ჩაერიოს, სწორედ ეს იქნება ხელშეკრულების დარღვევა

“თუ ახლა „ქართული ოცნება“ შეეცდება, მსჯავრდებული ადამიანების გასათავისუფლებად სრულიად უკანონოდ ჩაერიოს პრეზიდენტთან, სასამართლოსთან, პროკურატურასთან მიმართებით, სწორედ ეს იქნება იმ ხელშეკრულების დარღვევა, რომელსაც მათ თავად მოაწერეს ხელი”, – ამის შესახებ საარჩევნო საკითხების სპეციალისტმა, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ლადო ბოჟაძემ მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც ლადო ბოჟაძე განმარტავს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებაში არ დაფიქსირებულა პატიმრების სახელები და გვარები, რომლებიც უნდა გათავისუფლებულიყვნენ. მისი თქმით, შეთანხმების საფუძველი იყო ის, რომ მომავალში პოლიტიკური მიზნებისთვის სამართლებრივი სისტემის გამოყენებას არავინ უნდა შეეცადოს.

„ უნდა ითქვას, რომ ის ისტორიული შეთანხმება, რომელიც შედგა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, სწორედ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭრითა და შუამავლობით, ვგულისხმობ 8 მარტის შეთანხმებას, 2 ნაწილისგან შედგებოდა. 2 სხვადასხვა დოკუმენტი დაიწერა და მოეწერა ხელი. თავად ის ფაქტი, რომ ეს ყველაფერი ერთიან დოკუმენტში არ გაფორმდა, თავიდანვე ამტკიცებდა იმ პოზიციას, რომ ე.წ. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება არ იყო საფუძველი ან საბაბი იმისა, გაფორმდებოდა თუ არა პირველი შეთანხმება – ვგულისმობ კონკრეტულად საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხს.

ბუნებრივია, მაშინაც ოპოზიცია ისაუბრებდა ე.წ. პოლიტპატიმრებზე, დაასახელებდა კონკრეტულ სახელებსა და გვარებს, მაგრამ ამ, მეორე შეთანხმებაში არ დაფიქსირებულა არანაირი სახელები და გვარები. მეორე შეთანხმების საფუძველი იყო ის, რომ მომავალში, ანუ 8 მარტის მერე, სამართლებრივი სისტემის გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისთვის არავინ უნდა შეეცადოს. ეს იყო პასუხისმგებლობა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აიღო და პირიქით, თუ ახლა „ქართული ოცნება“ შეეცდება, კონკრეტული ბრალდებული თუ მსჯავრდებული ადამიანების გასათავისუფლებად სრულიად უკანონოდ ჩაერიოს პრეზიდენტთან, სასამართლოსთან, პროკურატურასთან მიმართებით, ეს იქნება სწორედ იმ ხელშეკრულების დარღვევა, რომელსაც მათ თავად მოაწერეს ხელი. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ თურმე, ერთი მხრივ, სასამართლო და პროკურატურა არიან პოლიტიზებულნი იმ თვალსაზრისით, რომ შეასრულეს პოლიტიკური დაკვეთა: პატიმრობა მიესაჯათ ან დაეპატიმრებინათ კონკრეტული ადამიანები და მეორე – კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ უკვე ერთი დავალება შეასრულა პროკურატურამ, სასამართლომ და ახლა მეორე პოლიტიკურ დავალებას ასრულებს. ამასთან, კიდევ ცალკე პრეზიდენტის ინსტიტუცია უნდა ჩაერთოს“, – განაცხდა ბოჟაძემ.

მისივე თქმით, არსებული საარჩევნო სისტემა ყველაზე მომგებიანი „ნაციონალური მოძრაობისთვისაა“.

„რა თქმა უნდა, ოპოზიციის მხრიდან ეს სწორი პოლიტიკა და ტაქტიკაა იმ თვალსაზრისით, რომ მუდმივად ისაუბრონ სავარაუდო პოლიტიკურ პატიმრებზე. მეორე მხრივ, მე ყოველთვის მქონდა გონივრული ეჭვი იმისა, რომ არსებული საარჩევნო სისტემა ყველაზე მომგებიანია „ნაციონალური მოძრაობისთვის“, განსხვავებით სხვა პოლიტიკური პარტიებისგან იმიტომ, რომ მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია, მაჟორიტარულ ნაწილში წინააღმდეგობა გაუწიოს „ქართულ ოცნებას“. ასევე, არსებულ სისტემაში რჩება 3 %-იანი საარჩევნო ბარიერი , რაც ბევრ პარტიას პრობლემებს შეუქმნის, რომ დამოუკიდებლად მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და გადალახოს ბარიერი. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია ამ ეტაპისთვის ფიქრობს, რომ წაუგებელ თამაშს თამაშობს. თუ მოხდა და ვინმე გაათავისუფლეს, იტყვიან რომ, აი, ჩვენ გავიმარჯვეთ და კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ თურმე ქვეყანაში პოლიტიზებული პროკურატურა და სასამართლოა. თუ ეს არ მოხდება, მაშინ ისინი იტყვიან, რომ ამ პროცესს მხარს არ დაუჭერენ.

ფაქტია, რომ ასეთი ისტორიული და ყველზე მნიშვნელოვანი შეთანხმება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მანძილზე აუცილებლად უნდა შესრულდეს და აისახოს კონსტიტუციაში. იცით, რომ „ქართულ ოცნებას“ აღარ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და, რა თქმა უნდა, საპარლამენტო ოპოზიციის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მხარდაჭერის გარეშე გართუდლება ხმების შეგროვება“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ „კვირასთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ყველა ფაქტი და დოკუმენტი, მათ შორის, თავად შეთანხმების ტექსტი მკაფიოდ ადასტურებს, რომ პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არავითარი ფორმით არავის წინაშე არ დაუდია. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში პატიმრების გათავისუფლების საკითხი არ დამდგარა.

“ნაციონალური მოძრაობა“, მისი დანაყოფები და პრორუსული სატელიტები, შეთანხმებაზე მითითებით, საჯაროდ ითხოვენ, მმართველმა პარტიამ სამ დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ინსტიტუტს: პრეზიდენტს, სასამართლოსა და პროკურატურას მისცეს დავალება, პატიმრობიდან გაათავისუფლოს მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული და ბრალდებული სამი პირი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტის მოლაპარაკებების ფასილიტატორ ელჩებს მიმართავს და მოუწოდებს, საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელისუფლებას არ აუღია პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის მიმართვისა და გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლების ვალდებულება. თალაკვაძის თქმით, ეს ხელს შეუწყობს ამ საკითხზე სპეკულაციების დასრულებას.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები