ლევან დავითაშვილი: ჩვენთვის არახალია ბატონი ბიძინას ქველმოქმედება, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი წვლილის აღნიშვნა გარემოსდაცვითი მიმართულებით
“ჩვენთვის არახალია ბატონი ბიძინას ქველმოქმედება, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი წვლილის აღნიშვნა გარემოსდაცვითი მიმართულებით”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავიტაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თბილისში, 700 ჰექტარზე ახალი, ენდემური სახეობებით განაშენიანებული ტყე, ერთი მხრივ, შეცვლის ჩვენი ქალაქის იერსახეს, მეორე მხრივ, დადებითად აისახება გარემოსა და ჰაერზე.
„ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში დეგრადირებული ურბანული ტყის განახლებით ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. მინდა, მადლობა გადავუხადო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისთვის, მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს, რომელმაც ამ პროექტის დაფინანსებით ქალაქს უპრეცედენტო დახმარება გაუწია. ჩვენთვის არახალია ბატონი ბიძინას ქველმოქმედება, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი წვლილის აღნიშვნა გარემოსდაცვითი მიმართულებით და ბუნებაზე ზრუნვის თვალსაზრისით.
მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელიც მონაწილობას მიიღებს პროექტის განხორციელებაში. შეკრებილია პატრიოტი ადამიანების ის გუნდი, რომლებიც გამორჩეული პროფესიონალები არიან ურბანული ტყის დაგეგმვის თუ პროექტის განხორციელების საქმეში. რა თქმა უნდა, ჩვენი სამინისტრო, მისი ყველა შესაბამისი სტრუქტურული ერთეული და სპეციალისტი ამ პროექტის განხორციელების მონაწილე იქნება.
ვფიქრობ, ზედმეტია იმაზე საუბარი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ურბანული ტყის აღდგენა და იმ პროექტის რეალიზება, რომელზეც ერთობლივად ვიმუშავეთ და რომელიც ქალაქს ახალ სიცოცხლეს შესძენს, გაალამაზებს, დადებითად იმოქმედებს ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე.
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ქალაქის ძირითადი ეკოლოგიური პრობლემა უკავშირდება მისი ჰაერის ხარისხს, რომელიც, დიდწილად, გამოწვეულია მცენარეული საფარის ნაკლებობით. 700 ჰექტარზე ახალი, ენდემური სახეობებით განაშენიანებული ტყე, ერთი მხრივ, შეცვლის ჩვენი ქალაქის იერსახეს, მეორე მხრივ, დადებითად აისახება გარემოზე და ჰაერზე.
მადლობა მინდა, გადავუხადო ქალაქ თბილისის მერიას ამ პროექტის დაწყების ორგანიზებისა და განხორციელებისთვის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ცნობისთვის, ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტი აღდგება და, დაახლოებით, 700 ჰექტარი ტერიტორიის გამწვანება იგეგმება.