გივი მიქანაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილესთან ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილე ჟენ იოუცუნთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მხარეებმა, თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ სამინისტროებს შორის მიმდინარე წელს გაფორმდება ახალი ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებულ მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებს. აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში განათლების სფეროში პარტნიორობის გაძლიერების მიზნით, პირველ შეხვედრას გამართავს სამუშაო ჯგუფი, რომელიც ორი ქვეყნის სამინისტროების წარმომადგენლებს აერთიანებს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო უნივერსიტეტებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირების გამყარების ხელშეწყობას, ერთობლივი საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკების ჩატარებას, განათლების ყველა საფეხურზე სასწავლო პროცესში ხელოვნური ინტელექტის დანერგვას, ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასა და სხვა აქტუალურ საკითხებს.

დასასრულს მხარეებმა თანამშრომლობის გაფართოების მზაობა გამოთქვეს და სამომავლო შეხვედრები დაგეგმეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე და სამინისტროებისა და საელჩოს წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები