აჭარაში საკარანტინე სივრცეები 5 018-მა პირმა უკვე დატოვა, ხოლო იზოლაციაში 1 340 მოქალაქე რჩება

აჭარის საკარანტინე სივრცეებში სამშობლოში დაბრუნებულ მოქალაქეებზე ზრუნვა გრძელდება. ამ მიმართულებით, აჭარის ბიუჯეტიდან 7,3 მილიონი ლარია გამოყოფილი.

რეგიონის მასშტაბით, საკარანტინე სივრცეების მართვა-ორგანიზების, უსაფრთხოების ნორმების დაცვისა თუ ფინანსური უზრუნველყოფის კუთხით, აჭარის მთავრობის სხვადასხვა უწყება აქტიურადაა ჩართული. ამ ეტაპზე, რეგიონში სავალდებულო კარანტინს 1340 ადამიანი გადის, რომელიც 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

რეგიონში საკარანტინე სივრცეების მართვა-ორგანიზებას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად უზრუნველყოფს. ჯამურად, რეგიონში საკარანტინე სივრცეები 27 სასტუმროშია განთავსებული, სადაც, ბოლო ორი თვის განმავლობაში, კარანტინი საქართველოს 5018 მოქალაქემ გაიარა.

კარანტინში მყოფი მოქალაქეებისთვის უსაფრთხო, კომფორტული და მშვიდი გარემოს შექმნაზე, სამთავრობო უწყებებთან ერთად, თითოეული სასტუმროს მენეჯმენტი და პერსონალი 24 საათის განმავლობაში ზრუნავს, რაც ნათლად აისახა კიდეც ინტერნეტსივრცეში კარანტინში მყოფი ადამიანების მიერ გავრცელებულ პოზიტიურ ვიდეომიმართვებსა თუ “ფეისბუქპოსტებში”.

მაშინ, როცა ერთი სასტუმროს მენეჯმენტი სტუმრებისთვის დადებითი განწყობის შექმნას ეზოში მოწყობილი პატარა კონცერტით ცდილობს, მეორე სპეციალურად მათთვის მოწვეულ შეფმზარეულს რეგიონის სავიზიტო ბარათს – აჭარულ ხაჭაპურებს ამზადებინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები