ანატოლი ბიბილოვი – „ყველა უბედურება უკან დარჩება, მომავალი კი სიკეთითა და კეთილდღეობით სავსე იქნება“

რამდენიმე დღის წინ, „სპუტნიკ-იუჟნაია ოსეტია“-ს დახმარებით, ცხინვალელმა „ექსპერტმა“, იური ვაზაგოვმა ბრიფინგი ჩაატარა. მისი განცხადებით, კორონავირუსის ეპიდემიამ კვლავ გამოაჩინა „ტრადიციული ქართული ნაციონალიზმი“, რომელიც თბილისის პოლიტიკას ისევ განაპირობებს. ამ „პატივცემული“ გვამის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთის დადანაშაულების კამპანია აამოქმედა, თითქოს და, ახალგორის რაიონში ეთნიკურად ქართველების შევიწროება ხდება. როგორც ჩანს, ცხინვალელი „ექსპერტისთვის“ ჯერ უცნობია, რომ მსოფლიოში არა ეპიდემია, არამედ პანდემია მძვინვარებს. ამავე დროს ის, როგორც ყოველთვის, “გაღმა შეედავე-გამოღმა შეგრჩებაოს” ჩვეული პრინციპით გამოდის, რაც ასე სჩვევიათ მის თანამოძმეებს და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის აღმსრულებლებს კრემლიდან.
არადა, მაშინ, როცა მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს, როგორც ცნობილია, უშუალოდ ახალგორში მძიმე პაციენტებს უარს ეუბნებიან საავადმყოფოში გადაყვანაზე. თანაც, არსებული ინფორმაციით, იქ საკარანტინე სივრცეც კი არ არსებობს. ისიც გავიხსენოთ, რა ხდებოდა „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე ზამთარში, როდესაც ნამდვილად ჰუმანიტარული კრიზისის პირას იდგა მოსახლეობა. ახალგორის მაღაზიებში სურსათის სერიოზული დეფიციტი იყო, რაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ახალ რეგულაციებს უკავშირდებოდა. რეგიონში რთული მდგომარეობა გამოიწვია, ასევე, ქართული წარმოების მედიკამენტების აკრძალვამაც.
სურსათის დეფიციტი გაჩნდა ოკუპირებულ ცხინვალშიც. ეს მას მერე მოხდა, რაც რუსეთის საზღვარზე ტვირთები შეფერხდა, რადგან საბაჟოზე მეწარმეებს დეტალური ელექტრონული დეკლარაციების შევსებასა და დამატებით 300 რუბლის გადახდას სთხოვდენ.
ესეც ეფექტური რუსული კონტროლისა და „ზრუნვის“ რეალური მაგალითები. ხოლო ის, თუ სად, როგორ და რა გამოჩნდა რეალურად, კიდევ ერთხელ სულ ახლახან ვიხილეთ – მართლმადიდებლებისთვის ყველაზე მძიმე დღეს – 17 აპრილს, ვნების კვირის პარასკევს…ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ საოკუპაციო ძალებმა უკანონო ბორდერიზაცია განახორციელეს.
როგორც „რადიო თავისუფლება“ წერდა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მცხოვრები თამაზ კობერიძე თანასოფლელებთან ერთად მთელი დღის განმავლობაში თვალს ადევნებდა საოკუპაციო ძალების საქმიანობას. თამაზი სოფლის ცენტრში იდგა და საკუთარ ნაკვეთთან მიახლოებას ვერ ახერხებდა, რადგან იქვე ახლოს რუსეთისა და ოკუპირებული ცხინვალის მესაზღვრეები ბოძებს ამონტაჟებდნენ. „ღობავენ, წაგვართმევენ და დავრჩებით მშივრები. აბა, ნაკვეთს რომ წაგართმევენ, რაღა უნდა ჭამო?! კაკალი, ვაშლი და სხვა ხილი სულ იქა მაქვს, მდინარე ფრონეს გაღმა, სხვა არაფერი შემოსავალი ჩვენ არ გვაქვს“, – უთხრა „რადიო თავისუფლებას“ კობერიძემ. და ეს არ არის ამ სოფლის მიწის ფართობების მცოცავი ოკუპაციის პირველი შემთხვევა. ათობით ჰექტარი მიწა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ამუშავებდა, მიტაცებულია. ტახტისძირის მცხოვრები, კაკო ბარამაშვილი ამბობს, “მამაპაპისეული ნაკვეთია, ოდითგანვე ვამუშავებდით და როგორ გახდა მაგათი? ქერის, ხორბლისა და ლობიოს მოსაყვანად ვიყენებდით მაგ მიწას“.
ეთნიკური ქართველების გამწარების პარალელურად, ცხინვალის დე ფაქტო ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ბედნიერად აღნიშნა. ალბათ, სუფრაზე რუსი სამხედრო ბლაღოჩინებიც დაპატიჟა, მათთან ურთიერთობის ინსპირაციით კი განცხადებაც გაავრცელა: „სააღდგომო დღეების სიხარული დღეს განსაკუთრებით აუცილებელია. აღდგომა გვაძლევს რწმენას იმისა, რომ ყველა უბედურება უკან დარჩება, მომავალი კი სიკეთითა და კეთილდღეობით სავსე იქნება”.

ბიბილოვმა აღნიშნა, რომ ეს დღე ყველა მორწმუნის გულს სინათლით ავსებს და რწმენას აძლიერებს. კორონავირუსის პანდემიის გამო, ის აღდგომას არა ეკლესიაში, არამედ სახლში შეხვდა. ხატებთან ლოცვის დროს გადაღებული ფოტოებიც გაავრცელა. თანაც, ამასობაში, ეტყობა, ისე გასხივოსნდა, რომ როცა ახალგორში ძლიერი ხანძარი იყო, მის ჩასაქრობად სახანძრო ბრიგადების გაგზავნა დაავიწყდა. ოსურ სოციალური ქსელებში დაწერილი აღშფოთებული წერილების მიხედვით ირკვევა, რომ მოსახლეობა ორი დღის განმავლობაში თავისი ძალებით ცდილობდა ხანძრის ჩაქრობას, თუმცა – უშედეგოდ. ამ პერიოდში არანაირი სახელმწიფო სტრუქტურა, სახანძრო-სამაშველო სამსახური არ გამოჩენილა. და, აბა, რატომ გამოჩნდებოდა, ეფექტურ კონტროლს ხომ ამ ტერიტორიაზე არა თავად ოსი ხალხი, არამედ კრემლი ახორციელებს. კრემლი კი ყველამ ვიცით, რაშია ოსტატი – შველაში ნაკლებად, უფრო, ომის პანდემიის დაწყებასა და მერე – ღობეების გავლებაში…

დიმიტრი ონიანი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები