საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შოვის ტრაგედიის დროს დაღუპულთა სულებს პატივი მიაგო და პანაშვიდს დაესწრო.
„ამ ადგილზე ყველას გვახსენდება ორი წლის წინანდელი მძიმე დღეები, სტიქია, რომელმაც 32 ადამიანი შეიწირა. გვახსოვს ეს ტრაგედია და ამავე დროს გვახსოვს ჩვენი მოსახლეობის, ადგილობრივთა რეაქციები და მათი მისვლა ადგილზე, სადაც ტრაგედია დატრიალდა. ჩვენი მეხანძრე-მაშველების გმირობა, ექიმები, სამხედროები, პოლიცია. იცით, მაშინ სამაშველო ღონისძიებებს მაშინ ერთი პოლიციელი და თავდაცვის ძალების წარმომადგენელი შეეწირა. ეს იყო წუთები, როდესაც ტრაგედიასთან ერთად გაურკვევლობაც ბევრი იყო და შესაბამისად რთული იყო მაშინ ოჯახებისა და საზოგადოების მდგომარეობაც.
მთავრობამ მაშინ ყველაფერი გააკეთა, რათა ის პირობა, რაც პრემიერ-მინისტრმა მისცა ოჯახებს, რომლებიც ეძებდნენ თავის ოჯახის წევრებს, შესრულებულიყო, არ დარჩენილიყო არც ერთი ოჯახი, რომელიც ცოცხლად ან გარდაცვლილად მაინც ვერ იპოვიდა თავის ოჯახის წევრს და მის დატირებას ვერ შეძლებდა.
დღეს აქ მემორიალის მშენებლობის პროცესიც ვნახეთ. სექტემბერში მემორიალი გაიხსნება და ასევე დაგეგმილია ტაძრის მშენებლობა, რაც მნიშვნელოვანია ოჯახის წევრებისთვის და ასევე აქაური მოსახლეობისთვის, რომ ამ ტრაგედიასთან ემოციური კავშირი ჰქონდეთ.
მინდა ამ მომენტით ვისარგებლო და მაშინ ყველა იმ მეხანძრე-მაშველს, ყველა ექიმს, ყველა სამხედროს, პოლიციელს, მათ შორის, ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებს, ვინც ჩართული იყო ამ სამაშველო ოპერაციაში, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ. აი, მაშინ აღმოჩნდა, რომ ძალა ნამდვილად ერთობაშია და ერთობლივი ძალებით, დაუღალავად, დღისითა და ღამით, მუშაობდა ყველა, რომ ოჯახებს, რომლებიც ეძებდნენ თავის ოჯახის წევრებს, ჰქონოდათ პასუხები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, შოვის ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა. 2023 წლის 3 აგვისტოს, კურორტ შოვის ტერიტორიაზე ღვარცოფი ჩამოწვა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ტრაგედიას 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.