რატი იონათამიშვილი: დადასტურებული თაღლითობის მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, ისეთი დაუდევარი და ბრიყვი იყოს ხაზარაძე, რომ სახლის გაქირავების გადასახადი დაემალა – საქმე გვაქვს პოლიტიკურ კორუფციასთან
“ამ დრომდე, რაც ირკვევა ხაზარაძის ოჯახისა და გერმანიის საელჩოს სკანდალზე, არის ის, რომ საერთოდ არაფერი ირკვევა. საზოგადოებამ არ იცის, არის თუ არა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება,” – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, დადასტურებული თაღლითობის მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, იმდენად დაუდევარი იყოს მამუკა ხაზარაძე, რომ სახლის გაქირავების შედეგად წარმოშობილი საბიუჯეტო გადასახადი დაემალა და ამ შემთხვევაში, საქმე პოლიტიკურ კორუფციასთან გვაქვს.
“ამ დრომდე, რაც ირკვევა ხაზარაძის ოჯახისა და გერმანიის საელჩოს სკანდალზე, არის ის, რომ საერთოდ არაფერი ირკვევა. საზოგადოებამ არ იცის, არის თუ არა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება. თუ ხელშეკრულება დადებულია, არსებობს ეჭვი, რომ ის ან ფიქტიურია, ან ხაზარაძის ოჯახი არ იხდიდა გადასახადებს. თუმცა, სასამართლოს განაჩენით და ორ საერთაშორისო არბიტრაჟში დადასტურებული თაღლითობის მიუხედავად – ნაკლებად სავარაუდოა, ისეთი დაუდევარი და ბრიყვი იყოს ხაზარაძე, რომ სახლის გაქირავების შედეგად წარმოშობილი საბიუჯეტო გადასახადი დაემალა.
ალბათ, საქმე გვაქვს პოლიტიკურ კორუფციასთან და გერმანიის საელჩო არანაირ თანხას არ იხდის, ხოლო თავად ელჩი ფიშერი ხაზარაძის კეთილი ნების საფუძველზე ცხოვრობს მდიდრულ აპარტამენტში.ნებისმიერ შემთხვევაში – სულ რომ ყველაფერი კანონის შესაბამისად იყოს, ის ფაქტი, რომ გერმანიის ელჩი ბინას ოპოზიციის ლიდერისგან ქირაობს – უკვე ამორალურია. თუმცა, საინტერესო ისაა, რომ უდიდესი ალბათობით, ყველაფერი კანონის შესაბამისად არ არის.
რაც უნდა იყოს, როგორც ხაზარაძე, ასევე, ელჩი ფიშერი ვალდებულნი არიან ქართული საზოგადოების წინაშე, უმოკლეს ვადებში გააკეთონ განმარტებები მათ ირგვლივ შექმნილ სკანდალთან დაკავშირებით, რადგან ყოველი შემდგომი უპასუხო დღე კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს მათ შორის პოლიტიკურ კორუფციასთან დაკავშირებით.” – წერს რატი იონათამიშვილი.