აფხაზეთის მთავრობის წევრები ათონის მთაზე, აფხაზეთიდან დევნილი ირაკლი რუხაიას ბერად კურთხევას დაესწრნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია ათონის მთაზე იმყოფებოდნენ, სადაც ქსენოფონტეს მონასტერში აფხაზეთიდან დევნილი ირაკლი რუხაიას ბერად კურთხევას დაესწრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის წევრები, ქალაქ სალონიკში საქართველოს გენერალურ კონსულთან გელა ჯაფარიძესთან ერთად, ქსენოფონტეს მონასტრის წინამძღვარს არქიმანდრიტ ალექსის შეხვდნენ.

,,მსურს გულითადი სიხარული გამოვხატო იმ ღირსშესანიშნავი ფაქტის გამო, რომელიც ჩვენს მონასტერში მოხდა. ერისკაცობაში ირაკლი რუხაია აღიკვეცა მონაზვნად და მიიღო ემილიანოსის სახელი. აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებისთვის, ქართველი სასულიერო პირებისა და დელაგაციის სხვა წევრებისთვის სწორედ აღკვეცის ცერემონია გახდა წმინდა მთაზე მობრძანების საფუძველი.

ვიმედოვნებ, რომ ათონის მთიდან თითოეული მათგანი წაიღებს წმინდანთა ლოცვა-კურთხევას. ჩემს მხრივ კი, გიგზავნით წმინდა გიორგის ლოცვა-კურთხევას საქართველოში.“ –  განაცხადა შეხვედრაზე ქსენოფონტეს მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ალექსიმ.

შეხვედრაზე მინისტრმა დავით  ფაცაციამ, ქსენოფონტეს მონასტრის წინამძღვარს მადლობა გადაუხადა თბილი მიღებისთვის, მისი როლისა და დამსახურებისთვის მართლმადიდებელ სამყაროში და აფხაზეთიდან დევნილი ირაკლი რუხაიას ბერად კურთხევისთვის.

„გვქონდა უდიდესი პატივი ათონის მთაზე, ქსენოფონტეს მონასტერში აფხაზეთიდან დევნილი ირაკლი რუხაიას ბერად კურთხევას დავსწრებოდით. ვიზიტის ფარგლებში,  მონასტრის წინამძღვარს არქიმანდრიტ ალექსის შეხვდით, ვისაუბრეთ საერთო სარწმუნოებასა და ერთობის მნიშვნელობაზე.

წმინდა ათონის მთა, იქ მოღვაწე მამების ლოცვა უდიდესი მადლისა და ძალის მქონეა სრულიად მართლმადიდებელ სამყაროში. დარწმუნებული ვარ, მათი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ჩვენი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით, ჩვენი სულიერი სიმტკიცით და ერთობით, ძალიან მალე მივაღწევთ ეროვნულ მიზანს – ჩვენი სამშობლოს გაერთიანებას და გამთლიანებას.“ – განაცხადა მინისტრმა დავით ფაცაციამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები