რუსთავში, მარნეულსა და თეთრიწყაროში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება

რუსთავში, მარნეულსა და თეთრიწყაროში კორონავირუსის ახალი შემთხვევის ფაქტები არ ფიქსირდება, – ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ ეპიდემიოლოგებმა მხოლოდ ბოლნისიდან 174 საკვლევი მასალა აიღეს, საიდანაც კორონავირუსი 10 პირს დაუდასტურდა.

„გუშინ ნაყოფიერი მუშაობა გასწიეს ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და ყველა დანარჩენ მუნიციპალიტეტებში ეპიდემიოლოგებმა, საკვლევი მასალის აღების კუთხით. მხოლოდ ბოლნისში 174 საკვლევი მასალა იყო აღებული იმ ახალი გავრცელებების მჭიდრო კონტაქტებიდან, რომლის გადაზღვევა და გარკვევა აუცილებელია. დღეის მდგომარეობით, ამ კავშირებიდან გვაქვს მუშევანში 6 დადასტურებული შემთხვევა, ასევე, სავანეთში 1 დადასტურებული ფაქტი  და სამი ფაქტი გვაქვს სოფელ გეტაში იმ პირველ წყაროსთან დაკავშირებით, რომელიც იყო ცნობილი. ანუ ყველა კონტაქტი ცნობილია. ეს აუცილებელი და საჭირო მასშტაბური ღონისძიება იყო, რადგან კიდევ ერთხელ განვსაზღვროთ რისკჯგუფები და შევუშალოთ დაავადების გავრცელებას ხელი.

ამ ეტაპზე, რუსთავში, მარნეულსა და თეთრიწყაროში ცვლილება არ გვაქვს, დაავადების გავრცელების მხრივ და ვრჩებით იმავე რაოდენობებში. ჯამურად, მხარეში 194 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები