ერთკაციანი აქცია ბათუმში – საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნას ითხოვს
ბათუმის საკრებულოს წევრმა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” მერიასთან აქცია- პერფონმანსი გამართა. მირდატ ქამადაძე საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნას ითხოვს. მისი თქმით, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” აქვს ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც უნდა წარადგინოს საკრებულოზე.
“თვითდასაქმებულ ხალხს, რომელმაც სამსახური დაკარგა და, ამ დროის განმავლობაში ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, კრიზისიდან გამოსავალი ვერ იპოვა, ხელისუფლება არაფერს სთავაზობს. ყველა დასმულ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, რაც თვითდასაქმებულებს აწუხებთ. ჩვენ გვაქვს ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც აუცილებლად უნდა წარვადგინოთ საკრებულოზე. აქ მოტანილი ნივთების უკან ასეულობით ადამიანი დგას, ისინი ელოდებიან საგანგებო ბიუჯეტის წარმოდგენას, რომელიც ოდნავ მაინც შეამსუბუქებს მათ პრობლემებს”, – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.