ოზურგეთში აგრარული ბაზარი გაიხსნა

ოზურგეთის აგრარული ბაზარი დღეს გაიხსნა. როგორც  ბაზრის დირექტორმა, სოსო სიხარულიძემ “რეგიონულ კვირას” განუცხადა, ტერიტორიაზე  მაქსიმალურად არის დაცული სეს-ის რეკომენდაციები.

“შევიძინეთ ორი ცალი თერმომეტრი, დავდგით ურნები ხელთათმანებისა და პირბადეებისთვის, კონტროლდება ბაზარში შესვლა, დისტანციის რიგები დაიხაზა. დეზობარიერები დგას ყველგან, სადაც საჭიროა. ამჟამად, რემონტდება ბაზრის ხიდი, ახალი დახლები კეთდება ტანსაცმლის სექციაში. ბაზრის მხოლოდ ორი ჭიშკარია ღია, მესამე ჭიშკარი ამჟამად დაკეტილია”, – თქვა სოსო სიხარულიძემ.

აგრარულ ბაზარში მონიტორინგის მიზნით გურიის სახელმწიფო რწმუნებული – ზურაბ ნასარაია სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროს მანანა ერქომაიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

„საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად, რეგიონში არსებულ ბაზრებზე მონიტორინგი ხორციელდება. ბაზარში მოქალაქეები იცავენ სოციალურ დისტანციას, ტარდება თერმოსკრინინგი. მერიის შესაბამისი სამსახურები ყოველდღიურად შეამოწმებენ აღნიშნულ პროცესს“, – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

შეგახსენებთ, რომ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ოზურგეთის აგრარული ბაზარი 20 მარტის შემდეგ დაკეტილი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები