თბილისის მერი, კახა კალაძე კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც მან მოადგილესთან, მაია ბითაძესთან ერთად მიუსაფარი ძაღლებისთვის საკვები მიიტანა.
5 ტონა საკვები ძაღლებისთვის კომპანია „ზოომარტმა“ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს საჩუქრად გადასცა.
თბილისის მერმა კომპანია „ზოომარტს“ თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მიუსაფარი ძაღლებისთვის საკვები მთელი ქალაქის მასშტაბით დარიგდება.
“ჩვენ ახლა კუს ტბაზე ვიმყოფებით, სადაც ქუჩის ძაღლებისთვის საკვები ამოვიტანეთ. ზოგადად, ამ მიმართულებით დიდი ხანია, ვმუშაობთ და საკმაოდ საინტერესო პროექტს ვახორციელებთ. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და „ზოომარტს“ მადლობა გადავუხადო ამ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რადგან მათ ძალიან დიდი რაოდენობით საკვები გადმოგვცეს საჩუქრად. საკვების დარიგება მოხდება მთელი თბილისის მასშტაბით. ასევე, ამ საკვებს ვუტოვებთ იმ ადამიანებს, ვისაც მიკედლებული ჰყავს ქუჩის ძაღლები და მზრუნველობას გამოხატავენ მათ მიმართ. ეს პროგრამა გაგრძელდება და ასევე, პარალელურად, ჩვენ მოგვიწევს გარკვეული პროექტის შემუშავება ამ მიმართულებით, რომ, ზოგადად, ქუჩის ძაღლების პრობლემა მოგვარდეს და სამომავლოდ არ შეიქმნას რაიმე დაბრკოლება“, – განაცხადა თბილისის მერმა.
დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი, ვახტანგ ლომჯარია და თბილისის საკრებულოს წევრები იმყოფებოდნენ.