თორნიკე რიჟვაძემ ტურიზმის ხელშეწყობისა და სტიმულირების გეგმასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ტურიზმის ხელშეწყობისა და სტიმულირების გეგმასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა.

როგორც “რეგიონულ კვირას” აჭარის მთავრობიდან აცნობეს, შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძემ ეკონომიკური სტიმულირებისთვის ტურიზმის სექტორის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი ეკონომიკისთვის ტურიზმის ინდუსტრია მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

აჭარისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურიზმი, ვინაიდან ამ პანდემიურ ფონზე ყველაზე დიდი დარტყმის, ყველაზე დიდი წნეხის ქვეშ ტურიზმის სექტორი და ტურიზმის სექტორში ოპერირებადი ბიზნესსუბიექტებია. პირველი გადაწყვეტილება, რომელიც აქამდე იქნა მიღებული,  ისაა, რომ კომპანიები ამ ძალიან მძიმე კრიზისის ფონზე დავიცვათ გადახდის უუნარობისგან. შემდეგი ამოცანა იყო სამუშაო ადგილების შენარჩუნება. საქართველოს ცენტრალური მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა იძლევა სამუშაო ადგილების შენარჩუნების და დაკარგული სამუშაო ადგილების კომპენსირების გარანტიებს. თუმცა, ჩვენი შემთხვევა კიდევ უფრო განსხვავებული და მძიმეა, ვინაიდან ადგილობრივი ეკონომიკის ნახევარზე მეტი მოდის ტურიზმის სექტორზე. ყველას, როგორც ტურიზმის სექტორს, ასევე, ტურისტებსაც მათ შორის, მოუწევს ადაპტირება ახალ რეკომენდაციებთან. ამიტომ ჩვენთვის მთავარია ამოცანა ინფორმაციის დამუშავება, განახლება და განახლებული ინფორმაციის საფუძველზე ეკონომიკის აღდგენისა და ტურიზმის სტიმულირების ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაა“, – განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

თორნიკე რიჟვაძემ ​ რესპუბლიკურ ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო საკარანტინე სივრცეების დაფინანსებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 7 მილიონ ლარზე მეტი.

საკარანტინე სივრცეების ერთ-ერთი მიზანი გახლავთ, ასევე, რომ ის სასტუმროები, რომლებიც გვაქვს ქალაქში, თვითღირებულების საფუძველზე იყოს დატვირთული და შენარჩუნდეს ის სამუშაო ადგილები. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ რესურსების მაქსიმალური რაციონალური, ეფექტური გამოყენების საფუძველზე არ დაიკარგოს დამატებითი სამუშაო ადგილები“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის ცნობით, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში გამართულ შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები