“თენგიზ ცერცვაძის სახელით შექმნილ ფეიკგვერდებს ინტერნეტმომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს”
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ თენგიზ ცერცვაძის სახელით შექმნილ ფეიკგვერდებს ინტერნეტმომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყალბი გვერდებით ცრუ ინფორმაცია ვრცელდება.
“თენგიზ ცერცვაძის სახელით შექმნილ ფეიკ-გვერდებს ინტერნეტმომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს!
სამწუხაროდ, გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებმაც ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, პროფესორ თენგიზ ცერცვაძის ფეიკ-გვერდები შექმნეს. ასეთ ერთ-ერთ გვერდზე ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს, ინფექციურ საავადმყოფოში covid 19-სგან გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლის პლაზმისგან შექმნეს მედიკამენტი, რომლის საშუალებით ხუთი პაციენტი უკვე განიკურნა!…
ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!
გთხოვთ, არ დაიჯეროთ ეს სიყალბე და ენდეთ მხოლოდ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი/Infectious Diseases and AIDS Center ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციებს, რომელიც გადამოწმებულია და სანდო!”, – წერია განცხადებაში.