კორონავირუსის პანდემიის პერიოდში რუსეთში უკვე მესამე ექიმი ფანჯრიდან გადავარდა
ვორონეჟის ოლქის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი, რომელიც მანამდე სამუშაო პირობების გამო ჩიოდა, კლინიკის ფანჯრიდან გადავარდა.
რუსული მედიის გადმოცემით, ინციდენტი შაბათს ღამე მოხდა. 37 წლის ალექსანდრე შულეპოვი კოვიდ-19-ით იყო ინფიცირებული. ის თავისი პალატის ფანჯრიდან გადავარდა და კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. მედიკოსები მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. აპრილის ბოლოს, ექიმმა შულეპოვმა კოლეგა ალექსანდრე კოსიაკინთან ერთად ჩაწერა ვიდეომიმართვა, რომელშიც ამბობდა, რომ მას მუშაობას და გამოძახებებზე სიარულს მას მერე აიძულებდნენ, რაც თავად აღმოაჩნდა კორონავირუსი. ასევე, ექიმი აცხადებდა, რომ მედიკოსებს არა აქვთ დაცვის საშუალებები და არ ხდება მათი შემოწმება კორონავირუსზე. ოლქის ჯანდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია ფეიკ ნიუსს წარმოადგენდა. ამის მერე შულეპოვმა ჩაწერა ახალი მიმართვა, რომელიც ოლქის ოფიციალურმა უწყებამ თავად გამოაქვეყნა. ახალ ვიდეოში, ექიმი აცხადებდა, რომ პირველი ჩანაწერი „ემოციური ფონის“ შედეგად გააკეთა. რამდენიმე დღეში კი ის კლინიკის ფანჯრიდან გადავარდა. 24 აპრილს ქალაქ ზვიოზდნის სასწრაფო სამედიცინო დახმარების განყოფილების უფროსი ექიმი ნატალია ლებედევა დაიღუპა, რომელიც ასევე კლინიკის ფანჯრიდან გადავარდა. 25 აპრილს ფანჯრიდან გადავარდა კრასნოიარსკის საოლქო ჰოსპიტლის მთავარი ექიმი ელენა ნეპომნიაშიაც, ის 1 მაისს გარდაიცვალა.
რუსეთი ინფიცირებულების რიცხვით მსოფლიოში მეშვიდე ადგილს იკავებს. ამ დროისთვის რუსეთის ფედერაციაში ოფიციალური მონაცემებით, 124 054 კოვიდ ინფიცირებულია, 1222 პაციენტი კი დაღუპულია.