“ბაზარზე მალე უნიკალური არტიზანული ყველით წარვდგებით” – ცაგერში რძის გადამამუშავებელი ქარხანა იხსნება (ვიდეო)

2017 წელს, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშში, ტაძრის მაშინდელი წინამძღოლის, მამა ცოტნეს ინიციატივით, ქართული ნატურალური რძის პროდუქტების მწარმოებელი კოოპერატივი “ჭრელა-2017” შეიქმნა და მასში 14 ფერმერი გაერთიანდა. კოოპერატივის მიერ, სახლის პირობებში წარმოებული იმერული ყველი,სულგუნი და ნადუღი როგორც ცაგერის მუნიციპალიტეტში, ასევე, რეგიონის ფარგლებს გარეთაც ძალიან პოპულარული გახდა, რის შემდეგაც რძის გადამამუშავებელი ქარხნის აშენება გახდა საჭირო.

კოოპერატივის ერთ-ერთი წევრი, ნუნუ ახვლედიანი წამოწყებაზე და სამომავლო გეგმებზე “რეგიონულ კვირას” უყვება. მისი თქმით, ეს იყო მამა ცოტნეს ინიციატივა, რომელიც მალევე სისრულეში მოიყვანეს. იქიდან გამომდინარე, რომ გეოგრაფიული არეალი და ფურების საძოვრად საჭირო ალპური ზონა საშუალებას  იძლეოდა, შრომა დაიწყეს და კოოპერატივი ოფიციალურად დააფუძნეს. შემდეგ ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში, პირველ წარმატებასაც მიაღწიეს. მათი დაფინანსებით რძის გადამამუშავებელი ხაზი შეიძინეს,ხოლო ქარხნის აშენება საკუთარი თანადაფინანსებით მოახერხეს.მალე “კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამიდან“ დაფინანსებაც მიიღეს და ამჟამად, ქარხანაში HACCP-ის სტანდარტის დანერგვა და საწარმოო ხაზის საბოლოო მონტაჟი მიმდინარეობს. რძის გადამამუშავებელი ქარხანა ერთ თვეში უკვე ფუნქციონირებას დაიწყებს.

“სულ ოთხი გრანტი ავიღეთ, აქედან ორი ა/სამთავრობო სექტორისგან, ხოლო 2 სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული პროგრამების მხარდაჭერით. ჩვენს მფლობელობაში გადმოგვცეს ორი მანქანა , ერთი მათგანი ფერმიდან ბიდონებით რძის შემოსაზიდად გვჭირდება, მეორე კი მანქანა-მაცივარია, რომლითაც სარეალიზაციოდ გამზადებულ პროდუქციას გადავზიდავთ. გვაჩუქეს მიწების დასამუშავებლად ტრაქტორი, რომელსაც უამრავი ფუნქციის შესრულება შეუძლია“,-ამბობს კოოპერატივის წევრი.

ფურების ფერმა, სოფელ ლასურიაშში, მოსახლეობიდან 200 მეტრში განალაგეს და ყველის ამოყვანის შემდეგ დარჩენილი მასალა-შრატი, უქმად რომ არ გადაეღვარათ, ღორების ფერმის მოშენებაც დაიწყეს. FAO-ს პროგრამით, 100 კვადრატულ მეტრზე მოწყობილი საღორე მეურნეობის მართვას წარმატებით ახორციელებენ და მიღებული პროდუქტის რეალიზაციასაც ახდენენ.

მას შემდეგ, რაც საქართველოს სოფლის მეურნეობის კოოპერატივების მართვის სააგენტომ მაღალმთიანი სათიბ-საძოვრების პროგრამა გამოაცხადა ფერმერებმა ბედი აქაც სცადეს. როგორც ამბობენ, მონდომება გამოუვიდათ და 412.ჰა სათიბ-საძოვარი 25 წლიანი სარგებლობის უფლებით იჯარით მიიღეს.

“ჩვენ, ამ ეტაპისთვის, შინაურ პირობებში დამზადებულ იმერულ ყველს, სულგუნს და ნადუღს ვყიდით, ერთმანეთს რეალიზაციაში ვეხმარებით, სხვადასხვა გამოფენებშიც მივიღეთ მონაწილეობა,დიდი მოწონებაც დავიმსახურეთ და კლიენტების რაოდენობამაც საგრძნობლად იმატა. ერთ თვეში ჩვენი რძის გადამამუშავებელი ქარხანა ფუნქციონირებას დაიწყებს, ყველა საჭირო ეტაპები გავიარეთ და გაგზავნილი ანალიზების ლაბორატორიულ დასკვნებს ველოდებით. დანადგარები გამართულია, ხელშეკრულებებიც გაფორმებული. ტექნოლოგიის გამართულობის მიზნით, ადგილობრივი კადრი, ზაზა ონიანი გადავამზადეთ და ვიდრე ჩვენ ავმოქმედდებით, გორის რძის გადამამუშავებელ ქარხანა „ნებიერაში“ მუშაობს”,-ამბობს ნუნუ ახვლედიანი.

ფერმერები კოოპერატივის წევრთა და დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდაზეც ფიქრობენ და კიდევ 25 ადამიანის დასაქმებას გეგმავენ. მათ ფერმერთა ასოციაციის დახმარებით, პროდუქციის სარეალიზაციო ობიექტები უკვე მოიძიეს.

“სახელმწიფო ყოველნაირად გვერდში გვიდგას, რისთვისაც მადლობა მათ. ახლა, ამ პანდემიის დროს, სახელმწიფომ კურსი სასოფლო სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობისკენ აიღო და ძალიან სწორიცაა, რადგან ადამიანები მიწის დამუშავებას შეუდგნენ. ჩვენს სოფელში, ქალაქებიდან  რამდენიმე  ოჯახი დაბრუნდა, გვყავს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეებიც, რომლებმაც დასაქმება გვთხოვეს და ჩვენ მათ აუცილებლად დავეხმარებით.ასე რომ, თუ ვინმეს რაიმეს წამოწყება გნებავთ, იცით რომ შემოსავალი გჭირდებათ, ამ განზრახვის შესრულების ყველანაირი გზები არსებობს, ფინანსურიც და იდეების განხორციელების განათლების მიმართულებითაც. ჩვენი კოოპერატივი ამის ნათელი მაგალითია“, -ამბობს ფერმერი.

ნუნუ ახვლედიანის თქმით, მომავალში, ბაზარზე უნიკალური არტიზანული ყველით წარდგებიან, რომლის დასამზადებელ ტრადიციულ ტექნოლოგიას მხოლოდ კოოპერატივი ფლობს.

                                მარინე სვანიძე

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები