უკრაინაში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა – ხალხი კარანტინის დასრულებას ითხოვს (ფოტო, ვიდეო)
კიევში მინისტრთა კაბინეტის შენობასთან მეწარმეების აქცია მიმდინარეობს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შეკრებილები 1-ელ მაისს კარანტინის დასრულებას ითხოვენ, რომ მცირე ბიზნესს მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდეს.
“არ გვაქვს ფული, რით ვიცხოვროთ!”, – სკანდირებენ ისინი.
აქციის მონაწილეებმა ავტომობილებით ქუჩის ბლოკირება მოახდინეს. როდესაც გრუშჩევსკის ქუჩაზე ევაკუატორები გამოჩნდა, პოლიციასა და ხალხს შორის შეტაკება მოხდა.
მოგვიანებით ქუჩის ბლოკირება მოიხსნა, თუმცა ხალხი არ იშლება, ისინი ამბობენ, რომ კარანტინი ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს.
“ეპიცენტრი” მუშაობს, “როშენი” მუშაობს, “მაკდონალდსი” მუშაობს, მხოლოდ მცირე ბიზნესი არ მუშაობს, თუ კარანტინია, მაშინ ყველასთვის იყოს”, – აცხადებენ შეკრებილები.
უკრაინაში, 29 აპრილის მდგომარეობით, კორონავირუსის 9866 დადასტურებული შემთხვევაა, 250 გარდაცვლილია, 1103 კი გამოჯანმრთელდა.